სალომე ზურაბიშვილი - რუსეთთან საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა სჯობს შეღავათს, რომელსაც არ იცი, როდის მოგიხსნიან

ის, რომ ფულადი გადახდა უნდა მივიღოთ რუსეთისგან გაზის სანაცვლოდ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ჯობია შეღავათს, რომელსაც არ იცი, როდის მოგიხსნიან , - ამის შესახებ "გაზპრომთან" დაკავშირებული პროცესების შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმი არაფერ შუაშია.

"ირანის მხრიდან სომხეთს რუსეთი ვერ მიაწოდებს გაზს, ეს არ არის რეალური. მე არ ვიცი, რა სიტყვები იხმარა კალაძემ, მაგრამ ულტიმატუმი არაფერ შუაშია. ის რომ ფულადი გადახდა უნდა მივიღოთ ამ გაზის სანაცვლოდ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენ აქამდე გვქონდა სხვა პირობები. ის, რომ რუსეთი აღარ თანხმდება იმ ძველ პირობებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავედით საერთაშორისო სტანდარტებზე მათთან ურთიერთობაში, რაც ვთვლი რომ ჯობია იმას, რომ რუსეთისგან გვქონდეს შეღავათიანი პირობები, რასაც როდის მოგიხსნიან არ იცი. ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არის ატეხილი იმ მხარისგან, რომელმაც თავის დროზე ბევრად მეტი დანაშაული ჩაიდინა რუსეთთან ენერგეტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით.