ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს

ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის რეფორმაზე აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, კერძოდ, სამინისტრო მუშაობს მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შესაბამისი რეფორმის პრინციპები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობას. მისი თქმით, დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა და მთავრობას კანონპროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შემდეგაც იგი განსახილველად პარლამენტში გაიგზავნება. ასევე უკვე დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.