კახა კალაძემ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შედგა. გუშინ გამართული აუდიენციის შესახებ მცირე ინფორმაციას თავად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შედეგებით დასრულდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

"ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ,,გაზპრომის" წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით", - აცხადებენ სამინისტროში.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ ორი დღის წინ, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ქართული მხარე კატეგორიულ წინააღმდეგობას აფიქსირებს "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანია ღიად მიუთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს. "თავად "გაზპრომის" მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე – თქვენ იცით, რომ გატარებული მოცულობის 10 პროცენტი დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში "გაზპრომს" ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროში გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი და მივიღეთ შემდეგი შედეგი: დღეს "გაზპრომს" შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.