საქართველოს Washington State Investment Board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

საქართველოს Washington State Investment Board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა - აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Washington State Investment Board-ის აღმასრულებელ დირექტორს ტერესა ვიტმარშს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო განიხილეს, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და უძრავი ქონების პროექტებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა. ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები კი ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. ტერესა ვიტმარშმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო სტაბილურად ვითარდება. მან ინტერესი გამოთქვა უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს.

Washington State Investment Board არის ამერიკული წამყვანი საინვესტიციო კომპანია, რომელიც მართავს 107 მილიარდი დოლარის ოდენობის საპენსიო ფონდებისა და სადაზღვეო კომპანიების თანხებს.