"მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია" - დავოსში აზრი ორად გაიყო

მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლევანდელი მთავარი თემა „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციაა“.

„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ კლასიკური წარმოების ციფრულ ტექნოლოგიებთან შერწყმას გულისხმობს.

ექსპერტების პროგნოზით, მალე თითქმის ყველა ელექტროხელსაწყო ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული ვირტუალური ქსელის მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად გაცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები. კიბერ-ფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული ე.წ. ჭკვიანი წარმოება კიდევ უფრო გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას. მომხმარებლებისთვის გაჩნდება სრულიად ახალი ტიპის სერვისები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. სწორედ ამ ტექნოლოგიებზე დამყარებულ საინფორმაციო სისტემებში იქნება წარმატების გასაღები და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო ჩვენს ეპოქაში.

„პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს ორთქლისა და წყლის ძალამ წარმოების მექანიზირების საშუალება მოგვცა. მეორე რევოლუციამ ელექტროენერგიის წყალობით, მასიური წარმოება მოგვიტანა. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის დროს ელექტრონიკამ და ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა წარმოების ავტომატიზირება მოახდინეს. ახლა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დრო დგება, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებით ხასიათდება და რომელიც შლის საზღვრებს ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის“, - განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე კლაუს შვაბმა.

თუმცა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილი პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერების ნაწილი „მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში“ გარკვეულ საფრთხესაც ხედავს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, რომელიც ამ თემას მიეძღვნა, მაღალტექნოლოგიური განვითარება და რობოტების დასაქმება მილიონობით ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებით ემუქრება.

„ვიშიშობ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიწევთ წინ. ძალიან სწრაფად ხომ არ იზრდება ამ ცვლილებების რაოდენობა? აქვთ თუ არა ამ რევოლუციის შემქმნელებს დაგეგმილი სოციალური ცვლილებები? გათვალისწინებული აქვთ თუ არა უსაფრთხოება“, - განაცხადა კომპანია TECH MAHIDRA-ს დირექტორმა გურნანიმ.

„მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას“ სათავე მესამე ინდუსტრიულმა რევოლუციამ დაუდო - ციფრულმა საუკუნემ, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში დაიწყო. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილთა ერთმა ნაწილმა მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას ტექნოლოგიური მიღწევების ცუნამი უწოდეს, რომელიც ქვეყნების ეკონომიკასა და დასაქმების ბაზარზე უარყოფითად აისახება.

როგორც დავოსში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადა, მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, საშუალო ფენას მხარდაჭერა სჭირდება.

„მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას“ დიდი პოტენციალი აქვს, უფრო მეტი დარტყმა მიაყენოს საშუალო კლასს და ჩვენი მოვალეობაა, ეს ცვლილებები საზოგადოების სარგებლისკენ მივმართოთ. ისე უნდა ვქნათ, რომ ციფრული რევოლუციას ბევრი გამარჯვებული მოჰყვეს, ვიდრე დამარცხებული“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, როდესაც საშუალო ფენა თავს დაცულად და კარგად გრძნობს, ეს კარგია მდიდრებისთვის, ღარიბებისთვის კი ეს სიმაღლეზე ასასვლელი ერთგვარი კიბეა.