რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში ნახევარ საათში 3 რუბლზე მეტით გაუფასურდა

ექსპერტებმა რუსეთში შექმნილ ვითარებას "პანიკურთან ახლო" უწოდეს

მოსკოვის ბირჟაზე დღეს დილით დოლარის კურსმა, 1998 წლის დენომინაციის შემდეგ პირველად, 84 რუბლს გადააჭარბა და მაქსიმალურ მაჩვენებელს 84,81 რუბლს მიაღწია. რუსული მედიის ცნობით, გუშინ ერთი დოლარის ღირებულება 3,41 რუბლით ნაკლები იყო.

ვაჭრობის დაწყებიდან ნახევარ საათში სამი რუბლზე მეტი გაიზარდა ევროს ღირებულებაც და ერთი ევროს ღირებულებამ 91,555 რუბლი შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გუშინდელ მაჩვენებელზე.

რუბლთნ მიმართებაში ევროს ისტორიული მაქსიმუმი 2014 წლის 15 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულებამ 100,74 რუბლი შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, რუსეთის სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარება „პანიკურთან ახლოს არის“.

თავის მხრივ, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ვალუტის გაუფასურება „დამატებით შესაძლებლობებს უქმნის რუს ბიზნესმენებს“.