"ჯორჯია მანგანეზის" თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ჭიათურაში "ჯორჯია მანგანეზის" ადმინისტრაციულ შენობასთან მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. "ჯორჯია მანგანეზმა" 3500-მდე თანამშრომელი დროებით სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც "ჯორჯია მანგანეზში" აცხადებენ, ისინი იღებენ ვალდებულებას და დროებით გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს დაურიცხავენ.

აქციის მონაწილეები სწორედ ამას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელფასის 60% საკმარისი არ არის, რადგან მათ საბანკო ვალდებულებები აქვთ და ამ ვალდებულებებს ვერ იხდიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ დარჩენილი 40% ხელისუფლებამ აანაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ. აქციის მონაწილეეების თქმით, დღეს მათ რუსთავისა და ზესტაფონის ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდებიან.