მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ. ისინი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები არიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები. ასევე ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ სამი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხი გაუქმდეს. ასევე შეიცვალოს განბაჟების სისტემა, რომელიც წარმოდგენილი არის პარლამენტში კანონპროექტის სახით, რადგან ის მათთვის მიუღებელია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადებას, რადგან მოქალაქეების ინფორმირებულობა ამ საკითხზე ნაკლებია.

"ჩვენ მოვითხოვთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმებას. ასევე ჩვენი მოთხოვნაა განბაჟების სისტემის შეცვლა, რადგან როგორც არის წარმოდგენილი, მიუღებელია. ის ცუდად მოქმედებს მანქანის შემომყვან პირებზე, ასევე მოვითხოვთ ასქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადებას და მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "ეკოტრანსპორტცენტრის" თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელიაც შეუერთდა. მისი თქმით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა თბილისს საცობებისგან ვერ განმუხტავს და ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მშენებლობა.