ლევან კალანდაძე - ლარის კურსის დაბალანსება 2016 წლის ორ კვარტალში ინვესტიციებსა და ნავთობის ფასზეა დამოკიდებული

სავალუტო შენაკადები, რამაც ლარის კურსი უნდა დააბალანსოს, 2016 წლის ორი კვარტლის განმავლობაში ინვესტიციებსა და ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.

როგორც ლევან კალანდაძემ განმარტა, ლარის კურსს ყოველთვის დოლარზე მოთხოვნა განაპირობებს. ექსპერტის თქმით, ბოლო პერიოდში დოლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ კურსთან მიმართებაში მცირედით გარკვეული არასტაბილურობა დააფიქსირა.

"დოლარზე მოთხოვნის ზრდა 2 ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი - ის, რომ ექსპორტიორებმა სავალუტო შემოსავლები იანვრის პირველ ნახევარში მიიღეს ლარში, ახდენდნენ ამ ლარის უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარში კონვერტაციას და ბუნებრივია, დოლარზე მოთხოვნის გაზრდამ ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული ნეგატიური როლი შეასრულა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რეგიონში დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებაში - თურქეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში მოხდა ადგილობრივი ვალუტების მკვეთრი გაუფასურება", - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ საგარეო ფონის მკვეთრად გაუარესებული სურათი მოკლევადიან პერიოდში ქართული ლარის კურსზე ძალიან ცუდად აისახა.

ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი პროგნოზი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია დასახელებული ფაქტორების ხანგრძლივობაზე, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება და იქნება თუ არა სტაბილურობის ნიშნები საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სავაჭრო ბალანსსა და მათი ადგილობრივი ვალუტების კურსთან დაკავშირებულ საკითხებში.

"საქართველო ძირითადად იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა და ჩვენ ქვეყანაში სავალუტო წონასწორობას ძირითადად განაპირობებს ჩვენი ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, ანუ ქვეყნიდან გასული და შემოსული ვალუტის მასა და ამავდროულად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს ორი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი მოკლევადიან პერიოდში", - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი ლარის კურსთან დაკავშირებით ე.წ შოკურ ეფექტს არ ელოდება, რადგან მისი თქმით, ის განმაპირობებელი და მაპროვოცირებელი ფაქტორები, რამაც ლარის კურსთან დაკავშირებით შეიძლება მნიშვნელოვანი რყევა გამოიწვიოს, ჯერჯერობით არ არსებობს, "მაგრამ ყველაფერი გასათვალისწინებელია".

"ჩვენ ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში უნდა ვიყოთ ზედმიწევნით თანმიმდევრულები და პროცესებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებაში, რათა დროულად მოხდეს იმ რისკების იდენტიფიცირება, რამაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას ლარს", - განაცხადა კალადაძემ.

ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, საბიუჯეტო პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად თანმიმდევრული, შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელება.

"ჩემი რეკომენდაცია არის და პრინციპში ქვეყანაში ეს პოლიტიკა ხორციელდება კიდეც, რომ ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიანი მოსალოდნელი შოკების წინასწარი იდენტიფიცირებისა და სწრაფი რეაგირების განხორციელებისთვის, რომ ეს პოლიტიკა ეფექტური იყოს და მეორე - თვითონ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 2 მთავარი ასპექტი აქვს გასათვალისწინებელი -პირველი ის, რომ საბიუჯეტო პროცესი უნდა იყოს ზედმიწევნით მაქსიმალურად თანმიმდევრული, მხედველობაში მაქვს ხარჯვითი პოლიტიკა და მეორე - შემჭიდროვებულ ვადებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპებში მოზიდვა და მსხვილი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროქტების ფორსირებულ რეჟიმში ამოქმედების უზრუნველყოფა", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, სავალუტო შენაკადები, რამაც საბოლოო ჯამში ლარის კურსი უნდა დააბალანსოს, 2016 წლის ორი კვარტლის განმავლობაში 2 ძირითად მდგენელზე იქნება დამოკიდებული.

"ერთი იქნება ის, რამდენი ინვესტიცია შემოვა, ანუ სავალუტო რესურსი რა რაოდენობით შემოვა და მეორე ფაქტორი, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, არის ნავთობის ფასი. ის რაც "მავნებელია" აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის ნავთობის ფასის დაცემის სახით, ჩვენთვის, პირიქით, ნავთობზე ფასის დაკლება დადებითად მოქმედებს ჩვენს საგადასახდელო ბალანსზე და ერთ-ერთი მასტაბილიზირებელი და დამაბალანსებელი ფაქტორია ზემოთ დასახელებული რისკების", - განაცხადა კალანდაძემ.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.43 ლარია. სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.45 ლარადაა შესაძლებელი.