"სიჩქარე ბიზნესის ახალი ვალუტაა"

საუკეთესო გამონათქვამები დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი გუშინ გაიხსნა. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციაა“. გარდა ამისა, დავოსში შეკრებილი 140 ქვეყნის წარმომადგენლები ნავთობის ფასების ვარდნას, კლიმატურ ცვლილებებს, ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეს, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებასა და მსოფლიოში დღეს არსებულ სხვა გამოწვევებზე ისაუბრებენ.

გთავაზობთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პირველი დღის საუკეთესო გამონათქვამებს.

„მსოფლიოს ჯერ ისევ კაცები მართავენ. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, მათ ეს კარგად გამოსდით“, - შერილ სენდბერგი, „ფეისბუქის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

„დივერსიფიკაცია ახალი გამოგონების ძრავია. ის ბადებს კრეატივს, რაც ამდიდრებს სამყაროს“, - ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი.

„ეკონომიკური ზრდა არაფერს ნიშნავს, ვიდრე ის არ გულისხმობს ზრდას“, - ჯონ გრინი, მწერალი და ბლოგერი.

„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ღირებულებების რევოლუცია უნდა იყოს“, - ამირა იაჰუი, Al Bawasala-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

„ცხოვრების ხარისხის გაზრდის შესაძლებლობა ბიზნესის ყველაზე დიდი შესაძლებლობაა“, - პოლ კაგამი, რუანდას პრეზიდენტი.

„ყოველთვის შეგიძლია იმაზე სწრაფად სვლა, ვიდრე ფიქრობ, რომ შეგიძლია“, - მეგი უაითმენი, HP-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

„სიჩქარე ბიზნესის ახალი ვალუტაა“, - მარკ რასელ ბენიოფი, ამერიკელი ანტრეპრენუარი.

„კომპანიის მომავალი წარმატების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი მისივე წარსული წარმატებაა“, - დენ შულმანი, PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი.