გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო ცდილობს განავითაროს ეკონომიკური კავშირები არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ რეგიონის ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით

საქართველო ცდილობს განავითაროს ეკონომიკური კავშირები არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ რეგიონის ქვეყნებთან, რუსეთიც ჩათვლით , - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, სჭირდება ნაკლებად დაძაბული პოლიტიკური გარემო.

„ევროკავშირთან მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ჩვენს ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთანაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზეც ისაუბრა.

"ჩვენ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზებისთვის. ვასრულებთ მაგისტრალის მშენებლობას. ვმუშაობთ საკმაოდ აქტიურად ჩვენს მეზობლებთან ერთად იმისთვის, რომ განვავითაროთ სამხრეთ კავკასიის რეგიონი. ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა. სარკინიგზო ხაზის შედეგად კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით პროდუქციის ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ, ხარჯები უმცირდებათ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალში იგეგმება ახალი პორტის აშენება ანაკლიაში და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზება.

"ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით ერთ-ერთი ქვეყანა ვართ. წელს ვაპირებთ მოგების გადასახადის გაუქმებას და საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო ლიბერალიზებას. ასევე ვგეგმავთ ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთანაც დაიწყო.