ტალინში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 10 თებერვალს საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ღონისძიება ტარდება საქართველოსა და ესტონეთის პალატების ორგანიზებით. აღნიშნულ ფორუმზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი. ასევე, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირისპირ შეხვედრები ქართული და შესაბამისი სფეროს ესტონური კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ფორუმის ძირითადი სფეროებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ნავთობპროდუქტები, ხე-ტყე, სოფლის მეურნეობა, ლოჯისტიკა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები და სხვა.