გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით

ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მართლაც, ევროპას სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიურობა, ხოლო აზიის ქვეყნებს სჭირდებათ ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ.

"ეს არის სხვადასხვა მარშრუტების ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.

რაც შეეხება საქართველოს, ახლახან ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზაციის მიზნით. შენდება გზატკეცილები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევიმუშაოთ სამხრეთკავკასიური დერეფნის მართვის ერთიანი მიდგომა.

ახლახან განხორციელდა პირდაპირი სარკინიგზო რეისები სინძიანის პროვინციიდან ევროპაში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გზით. ასე რომ, ეს მიმართულება ძალიან სწრაფად ვითარდება და სახეზეა მზარდი მოთხოვნა.

სინძიანის პროვინციიდან მატარებელი თბილისში ჩავიდა 7 დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან მომავალ მატარებელს დასჭირდება 10-11 დღე ევროპაში (მაგალითად, კონსტანცაში ან ბურგასში) ჩასასვლელად. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის ინტენსიურ ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით, დაზოგავენ სამუშაო კაპიტალთან დაკავშირებულ ხარჯებს, რის წყალობითაც საგრძნობლად გაიზრდება ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობა. მეორე მხრივ, ლაპარაკი არ არის მარშრუტებს შორის მეტოქეობაზე. ეს არის მეგობრული კონკურენცია, რომელიც, ჩემი აზრით, ზრდის ეკონომიკურ დინამიურობას ევრაზიის მთელ კონტინენტზე და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ეს არის პარტნიორობის პროექტი. ეს უფრო პარტნიორობის პროექტია, ვიდრე კონკურენციის", -განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც.

"ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას. მშენებლობა დაიწყება უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ჩვენს დღის წესრიგში არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ემსახურება საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ასევე ვლიდერობთ გადასახადების სიმცირის თვალსაზრისითაც.

"წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმება. ჩვენ ვახორციელებთ გადასახადების ადმინისტრირების ლიბერალიზაციას და ვატარებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მომდინარეობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ევროკავშირთან. ახალახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვადაკვალ, ჩვენ ასევე ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებლობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.