დაბა ჩაქვში "მექანიზატორის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ქობულეთის მუნიციაპალიტეტის დაბა ჩაქვში "მექანიზატორის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი სერვისცენტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ გახსნეს.

ამ ეტაპზე ჩაქვის სერვისცენტრში მობილიზებულია 28 ერთეული ტრაქტორი და 85 ერთეული აგრეგატი. ცენტრი ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ასევე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს მოემსახურება. 7200 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო 48 ერთეულ ტრაქტორზე გათვლილი მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, აგრეგატებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობები, ბოქსები, სამრეცხაო, ვულკანიზაცია, სახარატო. აშენდა სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობაც, სადაც ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და სველი წერტილები მოეწყო. შპს "მექანიზატორი" საქართველოს მასშტაბით უკვე ფლობს 13 სერვისცენტრს, სადაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული და ფერმერებს ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ,,მექანიზატორის" ტექნიკით შესაძლებელია ყველა სახის აგროოპერაციის შესრულება.