"გონივრული იქნება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის პრობლემის სხვა გზით მოგვარება"

იურისტი ლევან ალაფიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს."ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ალაფიშვილის პოსტს:

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკუთრება-რეგისტრაციის აკრძალვის ანტიკონსტიტუციურობას თუ კანონშეუსაბამობას ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც ასეთია: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ იხ.: უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინება (საქმე №ას-231-218-2015).

ეხლა ეს ყველაფერი მაგალითზე წარმოვიდგინოთ. ჩემმა უცხოელმა მეგობარმა უცხოეთშივე მაჩუქა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი და მე ჩუქების/გარიგების საფუძველზე გავხდი მესაკუთრე, მოვხსენით რეგისტრაციიდან და გამოვემართე საქართველოსკენ. შემოვედი და ჩემს საკუთრებას (რომელსაც ვერავინ გახდის სადავოდ) არ მირეგისტრირებს სახელმწიფო, მაშინ როდესაც ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად რეგისტრაცია სავალდებულო სულაც არ არის. რეგისტრაციაზე უარით გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლება მეზღუდება, შემეზღუდება ჩემს საკურებაში არსებული ავტომობილით გადაადგილების უფლებაც, რადგან სხვა კანონით (საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ) საექსპლუატაციოდ არ დაიშვება ავტომობილი, რომელიც არ არის რეგისტრირებული - ანუ მინიმუმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დამაჯარიმებენ და შემდგომი განმეორებისას დამიმძიმებენ სანქციას ან სულაც შემიჩერებენ/ჩამომართმევენ მართვის უფლებას. კურიოზიც ახლავს ამ ყველაფერს - თუ უკვე ჩემი საკუთრება მარჯვენასაჭიანი საქართველოში არ დარეგისტრირდება და ექსპლუატაციაც/მოძრაობაც არ შეიძლება მაშინ ან უნდა დავაყენო "სამუზეუმო ექსპონატად" და დავტკბე მისი ცქერით, ან უნდა დავშალო და ნაწილებად გავყიდო, ან ისევ გავიყვანო საქართვეოდან - აი, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გზად შეიძლება რამდენიმე ჯარიმასაც გამოვკრა ხელი (ექსპლუატაცია/მოძრაობა ხომ დაუშვებელია) და ... საზღვრამდე ვერც მივაღწიო...

მგონი ძნელი დასანახი აღარ უნდა იყოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკუთრება-რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივის საქართველოს კონსტიტუციასთან, სამოქალაქო კოდექსთან და სასამართლო პრაქტიკასთან, აგრეთვე ევროპის დირექტივებთან და ევროსასამართლოს პრაქტიკასთან წინააღმდეგობა. გონივრული იქნება პრობლემის სწორედ იდენტიფიკაცია და სხვა გზით მოგვარება", - წერს ალაფიშვილი.