შალვა ოგბაიძე - ვემხრობი, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს

საკრებულოს დეპუტატის შალვა ოგბაიძის განცხადებით, თბილისის მერია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის სატენდერო კომისიას ქმნის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოგბაიძემ განაცხადა, როგორც საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, ამ კომისიის წევრი თავადაც იქნება.

"მე, ჩვენ თანამოქალაქეებს ანგარიშს ჩავაბარებ თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რამდენად გამჭვირვალეა ის და რა მარკებზეა საუბარი. საუბარი და პროცესი რომ დაიწყო ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით, ეს უკვე მისასალმებელია", - განაცხადა ოგბაიძემ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას აპირებს, ეს ინფორმაცია თავად ოგბაიძესაც აქვს და მიიჩნევს, რომ ასეთი ავტობუსების შემოყვანა საქართველოში მიუღებელია.

"ჯერ არ ვიცით, როგორ ავტობუსებზეა საუბარი, თუმცა წინასწარ გამოჟონილი ინფორმაციით, მერია აქცენტს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე გააკეთებს. ევროპულ ქვეყნებში ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან სერვისი იქ უმაღლეს დონეზეა, არის ტექდათვალიერება. საქართველოში კი არც ტექდათვალიერებაა და სერვისიც დაბალია. ძალიან დიდი რისკის შემცველია ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია და შენახვა. ასეთი ავტობუსების ფასიც უფრო მეტია. მე ვემხრობი, რომ "ევრო 5" -ის მარკის დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს", - აღნიშნა ოგბაიძემ. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკიდან თბილისის მერია 30 მილიონის ოდენობით კრედიტს აიღებს ავტობუსების შემოსაყვანად.