ქართული ქალაქების სეხნიები აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების ვრცელ ტერიტორიაზე, რომელზეც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ქალაქის სახელწოდება სხვადასხვა ფორმით მეორდება, ვაშინგტონის შტატში ორი ქართული ქალაქის სახელიც გვხვდება. ვაშინგტონის შტატში, გრანტის საგრაფოში, 90-ე გზატკეცილის სიახლოვეს მდებარეობს პატარა დასახლება ტიფლისი, მეზობლად, ადამსის საგრაფოში კი უფრო მცირე დასახლება - ბათუმი.

ბუნებრივად იბადება კითხვა, საიდან გაჩნდა ტიფლისი და ბათუმი აშშ-ის უკიდურეს ჩრდილოეთ-დასავლეთ შტატში (თუ არ ჩავთვლით ალასკას). რატომ შეიძლება მოსვლოდათ ამერიკელებს თავში ამ სახელების დარქმევა საკუთარი დასახლებებისთვის? საქმე ის არის, რომ თავდაპირველად დასახლებები ისე გაჩნდა, მათთვის სახელი არავის დაურქმევია. ამ ადგილებისკენ რუს ფერმერთა ჯგუფები დაიძრნენ, რომლებიც იქაურმა ნიადაგმა და ხორბლის მოყვანისთვის ხელსაყრელმა პირობებმა მიიზიდა. 1910 წლიდან ამ ადგილებში დიდი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამ ხაზს წყნარი ოკეანის სანაპირო და ე.წ. დიდი ტბები უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან. იგი გადაჭიმული უნდა ყოფილიყო ვაშინგტონის შტატის უკიდურესი დასავლეთიდან ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიმდე, რომელიც მიჩიგანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს, იქიდან კი სენტ-პოლისა და ჩიკაგოსკენ გაგრძელდებოდა.

როგორც ჩანს, 1910 წლისთვის იმ ადგილებს, სადაც რუსი ემიგრანტები სახლობდნენ, ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელი. ერთ-ერთი ინტერნეტსაიტის მონაცემებით, სახელი ბათუმი სარკინიგზო კომპანიამ შეარჩია, კავკასიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ტიფლისის შესახებ მსგავსი ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა, ეს ცნობა შეიძლება სანდოდ მივიჩნიოთ, რადგან ამ ორი დასახლების გარდა, ვაშინგტონის შტატში, ლინკოლნის საგრაფოში მდებარეობს პატარა დასახლება, რომელსაც ოდესა ჰქვია. ვინაიდან 1910 წლისთვის სამივე ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, სავარაუდოა, რომ სარკინიგზო კომპანიამ სწორედ "რუსული" ქალაქების სახელები შეურჩია დასახლებებს.

"ბიგ ბენდის" სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოები 1909 წლიდან იწყება, ტიფლისი კი დოკუმენტაციაში უკვე 1911 წლიდან ჩანს. მასზე სარკინიგზო ხაზის ის ტოტი გადიოდა, რომელსაც მოზესის ტბისკენ ეჭირა გეზი. ტიფლისს კვეთდა მარსელუსისკენ მიმავალი გზაც. სარკინიგზო კომპანიის მუშებმა 1911 წლის 25 ივნისს ტიფლისის დასავლეთით დაიწყეს ხაზის გაყვანა და 31 ოქტომბრისთვის 42 მილით წაიწიეს წინ. აქედან მოყოლებული, ტიფლისი ხშირად ფიგურირებს სარკინიგზო კომპანიის საბუთებში. შემორჩენილია მატარებლების მოძრაობის გრაფიკიც. მაგალითად: ვერდენიდან 07:00 საათზე გამოსული მატარებელი N115 ტიფლისში 07:25 საათზე შევიდა; ტიფლისიდან გასული მატარებელი N215 ნეპელში ჩავიდა 08:25 საათზე; მატარებელმა N216-მა დატოვა ნეპელი 08:40 საათზე და ტიფლისში შევიდა 09:45 საათზე; მატარებელმა N115 ტიფლისი დატოვა 09:45 საათზე და ჩავიდა მარსელუსში 12:15 საათზე. ასეთი იყო მატარებლის მოძრაობის გრაფიკი ტიფლისიდან და ტიფლისისკენ 1915 წლის 9 ნოემბერს.

ტიფლისი რომ ამ დიდი სარკინიგზო ხაზის ცხოვრებაში მოკრძალებულ როლს ყოველთვის ასრულებდა, კარგად ჩანს მომდევნო პერიოდის დოკუმენტაციაშიც. 1954 წლის 27 აგვისტოს გამოწერილია ორდერი N8 თანდართული ანგარიშსწორების აქტით, რომელიც მატარებელს ტიფლისის გავლით მოძრაობის უფლებას აძლევდა. მსგავსია 1954 წლის 4 დეკემბერს გამოწერილი ორდერი N23, ასევე თანდართული ანგარიშსწორების აქტით. პირველი მათგანი მარსელუსისკენ მოძრაობის ნებართვას იძლეოდა, მეორე კი მოზესის ტბის მიმართულებით.

ტიფლისი ფიგურირებს 1970-იანი წლების დოკუმენტაციაშიც. როგორც ჩანს, ამ დროს სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია დაიწყო. 1976 წლის ნახაზებიდან ირკვევა, რომ რეკონსტრუქცია შეეხო იმ მონაკვეთებს, რომლებიც ტიფლისზე გადიოდა. კერძოდ: მოზესის ტბიდან ტიფლისამდე და ვერდენიდან მარსელუსამდე. რაც შეეხება ბათუმს, ხელმისაწვდომია მისი საკადასტრო რუკა, რომელიც 1912 წლით თარიღდება. რუკის მიხედვით, ბათუმი რკინიგზის პირას გაშენებული პატარა დასახლება გახლდათ, რომელსაც ოთხი პროსპექტი ჰქონდა. დასახლების შუაგულში ამ პროსპექტებს ორი ქუჩა კვეთდა და დასახლების განაპირა ადგილებშიც გადიოდა. საერთო ჯამში, დასახლება ათი კვარტალისგან შედგებოდა. გეგმის მიხედვით, გზის პირას გათვალისწინებული იყო სკოლის მშენებლობაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1912 წლამდე ბათუმი ორგანიზებულ დასახლებას არ წარმოადგენდა. ბათუმი ფიგურირებს ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ რკინიგზის 1976 წლით რეკონსტრუქციის გეგმაშიც. ის მარსელუს-ვერდენის მონაკვეთზე მდებარეობდა.

საინტერესოა, რომ ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთ მაგისტრალს ბათუმის გზა ეწოდება. ის ვაშინგტონის შტატის რამდენიმე საგრაფოზე გადის, კვეთს 90-ე გზატკეცილს და თითქმის ორეგონის შტატამდე აღწევს.

თუმცა ვერც ტიფლისი და ვერც ბათუმი სიცოცხლისუნარიანი დასახლებები ვერ აღმოჩნდა და მათი ქალაქებად ქცევა ვერ მოხერხდა. 1980 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც სტაგერსის სარკინიგზო აქტის სახელითაა ცნობილი. ამ აქტის ძალით ამერიკული სარკინიგზო ინდუსტრიის რეგულირება შეწყდა. სტაგერსის აქტმა ჩაანაცვლა შტატთაშორისი კომერციული აქტი, რომელიც 1887 წლიდან მოქმედებდა და სარკინიგზო სისტემის მკაცრ რეგულირებას ითვალისწინებდა. ახალმა კანონმა შესაძლებელი გახადა წამგებიანი სარკინიგზო ხაზების რეორგანიზება და გაუქმება. 1977 წლის კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ "ბიგ ბენდის" რკინიგზა წაგებაზე მუშაობდა. ტიფლის-მარსელუსის მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვათა საერთო ღირებულება ხსენებულ მონაკვეთზე მხოლოდ $918,5 იყო. თუმცა დასკვნაში ეწერა, რომ ხორბლის დიდი მარაგის გამო ამ მონაკვეთის გაუქმება 1980 წლამდე, ახალი გვირაბის გაყვანამდე, არ იყო მიზანშეწონილი. სწორედ 1980 წლიდან, ახალი კანონის მიღების შემდეგ, წყნარი ოკეანისა და დიდი ტბების დამაკავშირებელი რკინიგზის მრავალმა განშტოებამ მოქმედება შეწყვიტა. მათ შორის მოხვდა ის ხაზებიც, რომელებიც ტიფლისსა და ბათუმზე გადიოდა.

დღეს ტიფლისსა და ბათუმს ძნელია ქალაქი უწოდო. კოსმოსიდან დაკვირვებით ტიფლისის ტერიტორიაზე ჩანს რამდენიმე სამურნეო დანიშნულების ნაგებობა და საცხოვრებელი სახლი. გარშემო კი მხოლოდ ხორბლის ყანებია. დასახლების განაპირას ჩანს გაუქმებული სარკინიგზო ხაზიც. რაც შეეხება ბათუმს, იქ კიდევ უფრო ნაკლები სამეურნეო ნაგებობაა. გარშემო მხოლოდ ყანებია, რომელთაც შუაზე ბათუმის გზა კვეთს.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დასახლებები რუსი ფერმერების დაარსებულია. ძნელი სათქმელია, იყვნენ თუ არა მათ შორის ეთნიკური ქართველები. ამის დადგენა საკითხის ადგილზე შესწავლის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი რამ ფაქტია, სარკინიგზო ხაზის გაუქმებამ ამ დასახლებებს ფუნქცია დაუკარგა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მათი მოსახლეობის ოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ბათუმის გზას, მასზე არაერთი სასტუმრო, კვების ობიექტი თუ ბენზინგასამართი სადგურია განთავსებული. განსხვავებული მდგომარეობაა ოდესაში, რომელიც პატარა, კოხტა დასახლებად ჩამოყალიბდა, საკუთარი ბეისბოლის მოედნით, გოლფკლუბით, სკოლითა და საავადმყოფოთი. მისი მოსახლება ოფიციალური მონაცემებით, 957 კაცია (აშშ-ის ტერიტორიაზე კიდევ ორი ოდესაა - ტეხასისა და დელავერის შტატებში). ვაშინგტონის შტატის საზღვარზე, აიდაჰოს შტატში, ასევე მდებარეობს ქალაქი მოსკოვი, სადაც 23,8 ათასი მოსახლეა. ის 1871 წელს დაარსდა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1987 წლიდან მიიღო. შესაძლოა ტიფლისიცა და ბათუმიც მაშინ დაარსდა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მასალებით, ისინი 1911 წელზე ადრეულ დოკუმენტებში არ გვხვდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ვაშინგტონის შტატის ტოპოგრაფიულ რუკაზე დღესაც გვხდება ქართული დასახელებანი - ტიფლისი და ბათუმი. ისინი ერთ შტატში, მეზობელ საგრაფოებში, 90-ე გზატკეცილის სხვადასხვა მხარეს მდებარეობენ. მათ შორის მანძილი დაახლოებით 37 კილომეტრია. ამ მანძილის დაფარვა ავტომობილით 46 წუთშია შესაძლებელი. საფეხმავლო გზა ოდნავ მოკლეა, 34,6 კილომეტრს შეადგენს და მისი დაფარვა, სურვილის შემთხვევაში, 6 საათსა და 54 წუთში შეიძლება. ველოსიპედით კი ამ მანძილს 1 საათსა და 45 წუთში დაფარავთ - ამგვარი გაზომვები "გუგლის" რუკების მეშვეობითაა შესაძლებელი.

არ არის გამორიცხული, რომ რუს ფერმერთა შორის ყოფილიყვნენ ეთნიკური ქართველებიც. ამ ვარაუდის დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ ვაშინგტონის შტატში, გრანტისა და ადამსის საგრაფოების არქივებში დასახლებების შესახებ არსებული მასალების გაცნობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დავით ბრაგვაძე

"ისტორიანი"