გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა და ეკონომიკურმა გუნდმა ლარის კურსზე ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთონ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ლარის კურსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთონ.

როგორც კეპულაძემ განაცხადა, მცურავ გაცვლით კურსს მერყეობები, რა თქმა უნდა, ახასიათებს.

"იმის გამო, რომ ზოგადად, გაცვლით კურსთან და ბაზრის მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, შესაბამისად, როდესაც მცირე გაუფასურება იწყება, ჩნდება კითხვები - რატომ, რა ხდება, უფრო უარესი ხომ არ არის მოსალოდნელი - ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ქცევასა და ეკონომიკურ ქმედებებზეც აისახება. ჩვენი მემკვიდრეობიდან და მეხსიერებიდან გამომდინარე, მოლოდინები ყოველთვის უარყოფითია", - განაცხადა კეპულაძემ.

გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები იგივე რჩება, კერძოდ, სავალუტო შემოდინებები, სამწუხაროდ, კიდევ და კიდევ უარესდება.

"ფაქტია, რომ ამ ეტაზე ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება და ეს იწვევს ამ მცირეოდენ გაუფასურებას. იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, სასურველია, რომ ქვეყანაში არსებობდნენ ავტორიტეტული ინსტიტუტები, რომელთა განცხადებები და ქმედებები მოსახლეობისთვის სანდო იქნება. ასეთი უნდა იყოს - ეროვნული ბანკი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი. კარგი იქნება, თუ ისინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. აუხსნიან მოსახლეობას და მოხდება მოლოდინების სწორი მართვა, რადგან მოლოდინები ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ზოგადად, ეკონომიკურ სიტუაციაზე და მათ შორის, ლარის კურსზე", - აცხადებს კეპულაძე.

რაც შეეხება რეგიონულ ფაქტორებს, მათ შორის, ნავთობის გაიაფებას, რუბლისა და აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას, რასაც აქვს კავშირი საქართველოს ეკონომიკასთან, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე პირდაპირი ეკონომიკური კავშირი და ბმა მოკლევადიან პერიოდში ასე უცბად არ ხდება.

"საბოლოო ჯამში, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონული ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რეგიონული ფაქტორების შეცვლა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს არ შეუძლია, მაგრამ მთავრობას შეუძლია, რომ ყურადღებით გააკონტროლოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, ასევე შეუძლია, რომ დააჩქაროს პრივატიზაციის პროცესი და უფრო მეტი ობიექტი გაიყიდოს, ვიდრე შარშან და ეს არის ერთ-ერთი წყარო ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების. ასევე ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ასევე დამატებითი წყაროა სავალუტო შემოდინებების", - განაცხადა კეპულაძემ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია.

სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.45-2.46 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო ზოგიერთ კომერციულ ბანკში მისმა ღირებულებამ 2.50 ლარს მიაღწია.