ლარის კურსმა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა, რითაც ლარმა ისტორიული გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4694 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4445 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6766 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6635 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია. თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

აშშ დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მორიგი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.7542 ლარი იყო.