დავით იაკობაშვილი საქართველოში 200 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი საქართველოში 200 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ამის შესახებ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა მილიარდერმა ბიზნესმენმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

დავით იაკობაშვილი უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

”მზად ვარ, 200 მილიონის ეკონომიკაში ჩასადებად. იმედი მაქვს, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრსაც შევხვდები. სჯობს, თბილისში ჩამოვიდე პროექტებით. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ენერგეტიკა, სახალხო მეურნეობა, ტექნოლოგიები და ბევრი სხვა”, - განაცხადა ბიზნესმენმა ”ქრონიკასთან” საუბრისას.

ქართველმა მილიარდერმა 2014 წლის ბოლოს მისი კუთვნილი კომპანიის 49%-იანი წილი რუსულ კომპანია ”როსნეფტს” მიყიდა. იაკობაშვილის კომპანია თავის მხრივ ფოთის პორტის ნავთობტერმინალის აქტივებს ფლობს. ბიზნესმენის განცხადებით, რუსულ მხარეს საქართველოში, მათ შორის ფოთის ნავთობტერმინალში, თანხა არ ჩაუდია.