ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართულ მაგისტრალზე ლოკომოტივებს მოძრაობა შეუფერხებლად შეუძლიათ

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე, თურქეთის საზღვრამდე რკინიგზის ზედა ყრილის დაგების სამუშაოები დასრულდა, დიზელის ლოკომოტივებს გზის გასწვრივ მოძრაობა შეუფერხებლად შეუძლიათ.

ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმდჯომარემ ჯავიდ ყურბანოვმა თურქეთში, თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე იმსჯელეს.

თავის მხრივ, თურქმა მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზის თურქულ მონაკვეთზე სამუშაოების 80% დასრულებულია. მისი ინფორმაციით, რკინიგზის ენერგომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც რკინიგზა ექსპლუატაციისთვის მზად იქნება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციის პირობებისა და სატარიფო პოლიტიკის შესამუშავებლად, გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი მაღალჩინოსნების მონაწილეობით.