"გაზპრომთან"  ბუნდოვანი პოზიციის დაფიქსირება დიდი შეცდომა იყო

ეკონომიკის განვითარების აქტუალურ თემებზე, ასევე "გაზპრომთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და საშინაო პოლიტიკის ასევე აქტუალურ საკითხებზე

"ინტერპრესნიუსი" პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობამ მუშაობა დაიწყო საგადასახადო ლიბერალიზაციაზე, აქტიურად განიხილება საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება. როგორც პრემიერმა ბრძანა - "მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიაში, დაიბეგრება მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მოზიდვას". როგორ შეაფასებთ პრემიერის ამ წამოწყებას? მისი განხორციელება სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ეკონომიკის გაძლიერებასა და ბიუჯეტის ზრდაზე?

- პრემიერ-მინისტრობის თითქმის ერთი თვის თავზე, გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის განვითარების მისაღწევად ახალი ინიციატივები წამოაყენა, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტები. ინიციატივა, მიღებული მოგება სრულად წარიმართოს კერძო ბიზნესში, სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას; მიდგომა, რომ მიღებული მოგება არ გაიტანონ საწარმოდან, არ გაანაწილონ დივიდენდების სახით, საკმაოდ კარგი ინიციატივაა. პრაქტიკულად, ეს არის რეინვესტირებისთვის მოგების წარმართვის მექანიზმის შექმნა.

1995 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ცდილობდა რეინვესტირების წახალისებისთვის მოგების ნაწილი, მაგრამ არაუმეტეს 50%-ისა, რომელიც წარიმართებოდა რეინვესტირებისთვის, გათავისუფლებულიყო მოგების გადასახადისგან. მაშინ ამას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფორდის მხრიდან. არადა, იდეა საკმაოდ მოკრძალებული იყო. თუ მეწარმე გადაწყვეტდა მოგების 50%-მდე რეინვესტირებაში განეხორციელებინა, მოგება არ დაიბეგრებოდა მოგების გადასახადით. სავალუტო ფონდი შიშობდა, რომ ამის გაკეთების შემთხვევაში ჩვენ ბიუჯეტს დამატებითი პრობლემები შეექმნებოდა.

ის, რაც ახლა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა, ბევრად უკეთესია იმაზე, რისი გაკეთებაც უნდოდა მაშინდელ მთავრობას. მთლიანი მოგების, ან ნაწილის არდაბეგვრას, რომელიც რეინვესტირებასთანაა დაკავშირებული, სჭირდება სპეციალური ადმინისტრირება. უნდა დადგინდეს თანხები რეინვესტირებაზე მიდის თუ არა. პრემიერმა შემოგვთავაზა არა რეინვესტირებაზე კონტროლის დაწესება, არამედ შექმნილი მოგების განაწილებაზე. ეს პროცედურა ბევრად მარტივია, რადგანაც მთავრობა არ ერევა საწარმოს საქმიანობაში. ეს ძალიან ჰგავს "შავი ყუთის" პრინციპს, რომელიც ხშირად გამოიყენება და კლასიკური მექანიზმია კიბერნეტიკაში. მთავარია, იცი რა ინფორმაცია შედის სისტემაში და რა გამოდის, ხოლო სისტემის შიგნით რა ხდება არ იცი. თუ საწარმოდან გადის მოგება დივიდენდების სახით გასაცემად, სწორედ ის ნაწილი დაიბეგრება მოგების გადასახადით. აქ კიდევ არის ერთი საინტერესო მომენტი. საერთოდ, მეწარმეები ცდილობენ თავი აარიდონ გადასახადის გადახდას. ყველაზე ხშირად სწორედ მოგების რეალურ ოდენობას მალავენ. მეწარმეები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები მოგების დეკლარირება მოახდინონ, რომ ნაკლები იყოს გადასახადი თანხა. პრემიერის ინიციატივის შემთხვევაში, მეწარმეებს აშკარად უჩნდებათ სურვილი რაც შეიძლება მეტი მოგება აჩვენონ, რადგან რაც მეტ მოგებას აჩვენებ და დატოვებ წარმოებაში, ის არ დაიბეგრება. ეს მოდელი სტიმულს აძლევს საწარმოს განვითარებას. იმავდროულად, მოგება დამატებული ღირებულების ნაწილია. თუ მეწარმე მეტ მოგებას აჩვენებს, ბუნებრივია დამატებული ღირებულების გადასახადიდან მეტი თანხა იქნება ამოღებული. ახალი ინიციატივის შედეგები საგადასახადო შემოსავლებში კარგად უნდა იყოს ასახული. არ არის გამორიცხული, რომ ამან გამოიწვიოს ბიუჯეტში კორექტივები. თუნდაც იმიტომ, რომ მოგების გადასახადის ხარჯზე მიღებული შემოსავლების ოდენობა შემცირდება და უნდა მოხდეს მისი კომპენსირება სხვადასხვა მიმართულებებით, რათა ბიუჯეტი არ შემცირდეს, განსაკუთრებით საარჩევნო წელს.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სიახლემ თავიდან ბიუჯეტის შევსებაზე უარყოფითად იმოქმედოს? თუ ამგვარი ალბათობა დიდია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება იმთავითვე გამოირიცხოს?

- უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ყველა პარამეტრები ხელახლა იქნას გადათვლილი. შემოთავაზებული მექანიზმით მცირდება მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები ბიუჯეტში, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, იმავდროულად არის რეალური შესაძლებლობა, გაიზარდოს დამატებული ღირებულების გადასახადით მიღებული შემოსავლები.

- ბატონო ლადო, გასულ კვირას "ინტერპრესნიუსთან" თქვენს ინტერვიუს "გაზპრომთან" ურთიერთობების საკითხზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე კამათი და დავა არ წყდება. მინისტრ კალაძის მტკიცებით, - "რუსეთი საქართველოს პირობებს უყენებს". ანუ დაჟინებით მოითხოვს ოფიციალური თბილისისაგან გაზის ტრანზიტის საფასური არა ნატურით, ანუ გაზით, არამედ ფულით მიიღოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება და ექსპერტთა ნაწილი საზოგადოებას აჩვევენ აზრს, რომ თბილისმა "გაზპრომისა" და კრემლის პირობები უნდა მიიღოს. ამის სასარგებლოდ მოჰყავთ არგუმენტი, რომ ტრანზიტის წესებს ენერგეტიკული ქარტიის საერთაშორისო ხელშეკრულება ადგენს და თუ მოსკოვის პირობებს არ მივიღებთ, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გვიჩივლებს და წავაგებთ. როგორც გაირკვა, გაზის და საერთოდ ენერგორესურსების ვაჭრობის ტრანზიტის საკითხებს მსო ჯერჯერობით არ ფარავს და ეს მისი მართვის სფეროში არაა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოქარტია სწორედ ენერგოტრანზიტის წესებს ადგენს, რუსეთი არ არის ენერგოქარტიის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა, ანუ, არ არსებობს არავითარი საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც შეუზღუდავდა საქართველოს ამ ეტაპზე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის ნატურით აღებას. თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებას, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების პოზიცია?

- რუსეთიდან ზეწოლა არც იყო გამორიცხული და არც არასდროს უნდა გამოვრიცხოთ. იგი დიდი ალბათობით მოსალოდნელიც იყო და ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგრამ, "გაზპრომთან", თავიდანვე კაპიტულანტური და ბუნდოვანი პოზიციის დაფიქსირება დიდი შეცდომა იყო. როცა მთავრობის წევრი მიდის ამა თუ იმ მოლაპარაკებებზე, ის უნდა იყოს შემართული ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. არ უნდა ჰქონდეს განწყობა - აბა, რა ვქნათ?! ნამდვილად არ ვიცი მოლაპარაკებებზე რაზე იყო საუბარი, რა არგუმენტები დაიდო, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას სჭირდება მეტი მობილიზება და ქვეყნის ინტერესების უფრო გამოკვეთილად დაცვა. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ჩვენ "გაზპრომთან" უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და ეს საკითხი არ დავთმოთ. დათმობა და ტრანზიტისთვის თანხის მიღებაზე დათანხმება საქართველოსთვის წამგებიანია.

- ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე აცხადებს - "ალბათობა, რომ რუსეთმა სომხეთს გაზი საქართველოს ნაცვლად ირანის გავლით მიაწოდოს, რეალობასთან ახლოსაა". ვიდრე გადაწყვეტილება მიღებული არაა, ამ საკითხზე რას ურჩევდით მათ, ვინ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს?

- ჩვენ ირანთან გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა, რაც ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოსაყენებელია. მართალია, პრობლემა ისაა, რომ გაზსადენი, რომელიც ირანს სომხეთთან აკავშირებს "გაზპრომისაა", რუსეთს შეუძლია გაზი იყიდოს ირანისგან და ამ გაზსადენით სომხეთს მიაწოდოს. ეს შესაძლებლობა რეალურია. მაგრამ, აქაც არის პრობლემა, დღეისთვის ირანი სომხეთს საჭირო ოდენობის გაზს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მიაწვდის, ამიტომ შეიძლება გარკვეული დროის მოგება, რომ სამომავლოდ საქართველო უფრო მომზადებული შეხვდეს ამ პროცესს. აუცილებელია ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის ჩართვა. მათ გარეში "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში რუსეთთან გამკლავება გაგვიჭირდება. და კიდევ, ყველა საკითხში საჭიროა მაღალი დონის პროფესიონალზმი და პატრიოტიზმი. მარტო პატრიოტიზმი საკმარისი არ არის, პროფესიონალიზმი არის აუცილებელი რის გარეშეც ჩვენ ქვეყანას ვერასდროს ვერ ავაშენებთ.

- ნავთობზე ფასის უპრეცედენტო ვარდნის გამო მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, რამაც ეროვნულ ვალუტებზე ასახვა ჰპოვა. ფაქტია, რომ ურთულეს და უმძიმეს ვითარებაში ლარი წონასწორობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. მმართველი კოალიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ლარის კურსის ვარდნაში ადანაშაულებდა. დრომ დაგვანახა, რომ ეროვნული ბანკისა და გიორგი ქადაგიძის მიერ გატარებული პოლიტიკა არც ისე ცუდი ყოფილა, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ. ქადაგიძეს პრეზიდენტობის ვადა მალე გასდის. უცნაური ისაა, რომ ასეთ, ეკონომიკური თვალსაზრისით არამდგრად ვითარებაში პარლამენტი არ ავლენს სურვილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მის წინაშე მოხსენებით წარდგეს. თქვენი აზრით, რატომ? და კიდევ, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ვის ანდობდით ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას?

- პარლამენტის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს წმინდა პოლიტიკური პრობლემაა. შეიძლება პარლამენტმა უახლოეს პერიოდში მოისმინოს კიდეც.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს?

- ეს ძალიან მარტივი საკითხია. ისევ პროფესიონალიზმის თემას მივადექით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს საბანკო სისტემიდან მოსული, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი. თუ ეს გაკეთდა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. საქმე ის გახლავთ, რომ ეროვნულ ბანკს კი ჰქვია ბანკი, მაგრამ ის სინამდვილეში ბანკი არაა. ის არ არის მოგებაზე ორიენტირებული ერთეული. ეს არის მაკროეკონომიკური რეგულირების კონსტიტუციურად დაცული სახელმწიფო ინსტიტუტი. ამიტომ, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი უნდა იყოს მაღალი დონის პროფესიონალი, ეკონომისტი, თანაც – მაკროეკონომისტი!

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირველ რიგში შეიძლება ვეძებოთ უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო სექტორში, კარგი მაკროეკონომისტების შერჩევა მათგან შესაძლებელია, მეორე - ისინი ჩვენ უნდა ვეძებოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ბევრი ქართველი წარმატებულად საქმიანობს. რამდენიმეს პირადად ვიცნობ და საკმაოდ წარმატებულები არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ასეთი წარმატებული ქართველების ჩამოყვანა ყველაზე კარგი იქნებოდა.

- მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა განათლების სისტემის პრობლემებზე და ხელისუფლების ამოცანებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. თქვენ ამ თემაზე არაერთხელ გისაუბრიათ, მაგრამ განათლების სისტემის მდგომარეობის დღევანდელი დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენ რას მიიჩნევდით პირველ რიგში აუცილებლად გასაკეთებლად?

- პრემიერმა საკმაოდ სწორად დასვა აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია გაძლიერდეს პროფესიული განათლება, აუცილებლად შესაცვლელია სიტუაცია ჩვენს საჯარო სკოლებში. პრაქტიკულად, ძალიან დიდი გარღვევაა ცოდნის იმ დონესა, რასაც აძლევს სკოლა და რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს, რომ მოსწავლე სტუდენტი გახდეს. მე-12 წელი საერთოდ ამოვარდნილია სასწავლო პროცესიდან. ამიტომ, როცა უნივერსიტეტში მოდის ახალგაზრდობა, საკმაოდ რთულია მათი სწორი ორიენტაცია. მაგალითად, ახალგაზრდას, რომელსაც უნდა გახდეს ფიზიკოსი და აქვს ამის ნიჭი და უნარი, ის ცხოვრებაში ერთ წელს კარგავს, რადგანაც მე-12 კლასში ფიზიკას არ ასწავლიან. ასეთი შეცდომები გამოსასწორებელია. მე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მიმაჩნია, რომ უმაღლესი განათლების უმთავრესი პრობლემა გახლავთ დაფინანსების საკითხი. აუცილებელია დაფინანსების "ლომაიას მოდელზე" უარის თქმა. არ შეიძლება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ სტუდენტის მიერ მოტანილ ფულზე იყვნენ ორიენტირებულები. აუცილებელია სტუდენტის დაფინანსებიდან ინსტიტუციურ დაფინანსებაზე გადასვლა.

პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს დიდი და კარგი ამბიცია, რომ ჩვენი უნივერსიტეტები გახდნენ ევროპული უნივერსიტეტების სივრცის ნაწილი, მაგრამ ამ დროს მათგან განსხვავებით დაფინანსების პრინციპულად სხვა მოდელი გვაქვს. ევროპულ უნივერსიტეტებში, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არის ეკონომიკურად განვითარებული ესა თუ ის სახელმწიფო, ამის მიხედვითაა განსაზღრული სახელმწიფოს წილი უნივერსიტეტების, როგორც ინსტიტუციების, დაფინანსებაში. ჩვენთან კი ეს წილი არის პრაქტიკულად ნული. ჩვენთან ფინანსდება სტუდენტი, პროგრამა, მაგრამ პროგრამა ისევ და ისევ სტუდენტების რაოდენობაზეა გათვლილი. მაგალითად, ჩვენ უნივერსიტეტში ფინანსდება 100 ფიზიკოსის მომზადება, მაგრამ თუ მოვიდა 80 სტუდენტი, ფულს მივიღებთ არა 100, არამედ მხოლოდ 80 ფიზიკოსის მომზადებაზე. არ შეიძლება ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში სტუდენტი ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ იშოვოს ფული უმაღლესი განათლების მისაღებად. განათლების თემა ქვეყნისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტული. თემა, რომელიც წამოწია პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, აშკარად დროულია, პრინციპულია. დარწმუნებული ვარ საქართველოს მომავალი ვერ იქნება კარგი, თუ უნივერსიტეტებს არ ექნება დაფინანსების ხელშეწყობა.

კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებდი ყურადღებას. ეს გახლავთ მეცნიერების საკითხი. სამწუხაროდ, მეცნიერება დაფინანსების (და არა მარტო) მხრივ ერთ-ერთი ყველაზე "დაჩაგრული" სფეროა. იგივე საუნივერსიტეტო განათლება ვერ იქნება მაღალ დონეზე, თუ არ იქნა ჯეროვნად დაფინასებული უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევები. ჩვენ უნივერსიტეტში შემოერთებულია მეცნირებათა აკადემიის ყოფილი 14 ინსტიტუტი. მათ მხოლოდ შარშან გაეზარდათ დაფინანსება, რისთვისაც მთავრობას დიდი მადლობა, მაგრამ სამეცნიერო კვლევა მარტო ამ ინსტიტუტებში ხომ არ მიდის? სამეცნიერო კვლევა ზოგადად უნივერსიტეტებშიც ხომ არის. ამიტომ ეს კვლევებიც უნდა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. მარტო გრანტული დაფინანსება, რომელსაც მეტ-ნაკლებად წარმატებით ახორციელებს რუსთაველის ფონდი, საკმარისი ნამდვილად არ არის. მეცნიერებას, ისევე როგორც უმაღლეს განათლებას, სჭირდება ბაზური დაფინანსება. რაც უფრო მალე შეიცვლება ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ლომაიამ შემოიღო, მით უკეთესი იქნება საქართველოს მომავალი განვითარებისთვის.

კობა ბენდელინი

წყარო: "ინტერპრესნიუსი"