სიახლე ინტერნეტსივრცეში ანუ როგორ წავიკითხოთ "კვირის პალიტრა"

დღეს საზოგადოებისთვის ინფორმაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად, გათბობა, ელექტროენერგია თუ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

მოქალაქეებს ინფორმაციის წყაროს შერჩევის კუთხით დიდი არჩევანი აქვთ, მით უმეტეს სოციალური და ინტერნეტმედიის განვითარების ეპოქაში. თუმცა ამავდროულად, იზრდება არასრული, არაობიექტური ან საერთოდ ცრუ ინფორმაციის მიღების ალბათობა.

შესაბამისად, დღეს ისე, როგორც არასოდეს, დიდია იმ მედიასაშუალებების როლი, რომელთა მთავარი სტრატეგია მკითხველისთვის, მაყურებლისთვის თუ მსმენელისთვის გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა. საქართველოში ერთ-ერთი მთავარ ასეთ მედიასაშუალებად გაზეთი "კვირის პალიტრაა" აღიარებული როგორც ქართველი საზოგადოების, ისე უცხოური დიპლომატიური კორპუსისა და ექსპერტების მიერ. მკითხველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სრული სურათის მიწოდება, ღრმა ანალიზი, ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარება თუ ექსკლუზიური მასალების მომზადება არც თუ მცირე ადამიანურ და მატერიალურ რესურსს მოითხოვს.

დადგა დრო, როდესაც საქართველოში ბეჭდური მედიასაშუალებებისა და ინტერნეტსივრცის თანაცხოვრება ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. ეს დასავლეთში უკვე დიდი ხნის წინ მოხდა - ცნობილი ამერიკული და ევროპული ბეჭდური მედიასაშუალებების მასალები შესაბამის ვებგვერდზე მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი. გაზეთის თუ ჟურნალის გუნდის მიერ მომზადებული პროდუქტი ინტერნეტსივრცეშიც ისევე იყიდება, როგორც მაგალითად, საგაზეთო ჯიხურში.

თანამედროვე სტანდარტზე გადასვლას გაზეთი "კვირის პალიტრაც" გეგმავს. რა თქმა უნდა, პალიტრელებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს მკითხველის ინტერესი და თებერვლის დასაწყისიდან თვეში სიმბოლურ ფასად, მხოლოდ ოთხ ლარად შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეუზღუდავად წაიკითხოთ ის მასალები, რომელსაც "კვირის პალიტრა" ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ. ამისთვის საჭიროა www.kvirispalitra.ge-ზე გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და გახდეთ შესაბამისი პაკეტის ხელმომწერი.

"კვირის პალიტრამ" იმ მკითხველის ინტერესიც გაითვალისწინა, ვინც მიზეზთა გამო ვერ შეძლებს გაზეთის ინტერნეტვერსიის გამოწერას. გაზეთის გამოსვლის მეხუთე დღიდან სტატიები საიტზე ყველასთვის ხელმისაწვდომი უფასოდ იქნება.

ხოლო რაც შეეხება სპეციალურად www.kvirispalitra.ge-ს საიტისთვის შექმნილ სტატიებს, ისინი განთავსებისთანავე შეუზღუდავი და უფასოა ყველა მკითხველისთვის.

რუსუდან შელია