"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" ყინვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებენ

კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი", მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ აბონენტებს აფრთხილებენ.

კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის 25 იანვრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენის სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები:

იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები. მათთვის ასევე რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.

ყოველ აბონენტს, მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" აღნიშნულ დღეებში (თარიღებში), წყლის ჭარბად დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა", - ნათქვამია განცხადებაში.