თბილისის მერია მახათას მთაზე მოქალაქეების მიერ მიწის ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მახათას მთაზე მოქალაქეების მიერ, მიწის ნაკვეთების მითვისების მიზნით, თვითნებურად შემოსაზღვრული ტერიტორიები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორიები მოქალაქეებმა მას შემდეგ შემოსაზღვრეს, რაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, თბილისის მერია და საპატრიარქო მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთებს უსასყიდლოდ ან მიზერულ ფასად ასხვისებდა.

თბილისის მერია კატეგორიულად უარყოფს მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთების, როგორც საკუთრებაში, ასევე, სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს. ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მოიცავს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ ნაკვეთებს, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული პირები მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობენ.

სიტუაციის გასარკვევად ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე.

"აქ მიმდინარეობდა ტერიტორიების თვითნებური დაკავება. მე მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი და მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს, აღნიშნულ ტერიტორიებზე რიგდებოდა ქონება. ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაა, ასევე, რაღაც ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, არსებობს კანონი, თუ როგორ უნდა გასხვისდეს ქონება და მათი ქმედებები კანონის ფარგლებს სცდება. ვფიქრობ, უნდა გაირკვეს, თუ ვინ და რატომ შეიყვანა მოსახლეობა შეცდომაში", - განაცხადა ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა.

მერიის ინფორმაციით, არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოც გამოეხმაურა.

"ეს ინფორმაცია არ არის სწორი, მახათას მთის მიმდებარედ, მართლაც აქვს საპატრიარქოს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მაგრამ იქ, ან უკვე მოქმედებს მონასტერი, ან მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერანაირ მიწას საპატრიარქო ვერ გასცემს. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, რომელსაც საპატრიარქო ფლობს და სახელმწიფოსგან აქვს მიღებული, არ სხვისდება, არათუ იყიდება. მე მოვისმინე ისიც, რომ რაღაც სიმბოლურ თანხებსაც კი ასახელებენ, თითქოს ამ თანხებად იყიდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მიწის ნაკვეთი ჩვენ გასაცემი არ გვაქვს და კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ არც გვაქვს ამის უფლება. მე მინდა, მოვუწოდო შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობა მათ ამის გამო პასუხს მოჰკითხავს", - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მიწის ნაკვეთების გასხვისების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურ საფუძვლებს მოკლებულია.

"დედაქალაქის მთავრობა მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ აღნიშნული ტერიტორიების რაიმე სახის შემოღობვა/შემოსაზღვრისგან, რადგანაც საკუთრების უფლებას იცავს, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი - კონსტიტუცია, ასევე, სხვა საკანონმდებლო აქტები და მათი დარღვევა წარმოადგენს დასჯად ქმედებას", - აცხადებენ მერიაში.