ექსპერტთა პროგნოზით, რუსეთის ბიუჯეტს შემცირება ემუქრება

იმ შემთხვევაში თუ ერთი ბარელი ნავთობი 25 დოლარი ეღირება და ერთი დოლარი 83,4 რუბლი, რუსეთის ბიუჯეტი 3,4 ტრილიონ რუბლს დაკარგავს, რაც დაახლოებით 40,7 მილიარდი დოლარია.ამის შესახებ პროგნოზს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის - „განვითარების ცენტრის“ ექსპერტები აკეთებენ. მათივე პროგნოზით, თუ ერთი ბარელი „შავი ოქროს“ ფასი 40 დოლარამდე ავა და ერთ დოლარის ყიდვა 70.6 რუბლად იქნება შესაძლებელი, მაშინ ბიუჯეტის დანაკარგი დაახლოებით ერთი ტრილიონი რუბლი იქნება.

„განვითარების ცენტრის“ შეფასებით, თუ ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება სულ მცირე ერთი წლით შენარჩუნდება, ბიუჯეტის დაბალანსებისთვის, მთავრობას მომდევნო წლის დასაწყისში „რადიკალური გადაწყვეტილებების“ მიღება მოუწევს.

„როგორც ჩანს, რუსეთის ეკონომიკა, რომელმაც ვერ შეძლო გადასულიყო ზრდის ტრაექტორიაში, დაღმასვლის ახალ ეტაპზე გადადის“, - აცხადებენ ეკონომისტები. მათივე თქმით, რუსეთში ინფლაცია 2015 წლის მეორე ნახევარში დაჩქარდა, ეს ტენდენცია კი 2016 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.