როდის დგება ცვლილებების დრო - რებრენდინგის წარმატებული მაგალითები

სწრაფი ტემპებით მუშაობა, პროგრესი და კონკურენცია - თანამედროვე ბიზნეს სამყარო, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ სამი პარამეტრით ხასიათდება.

შესაბამისად, ბაზარზე არსებული კონკურენციის ზრდის ფონზე, კომპანიები მუდმივად ისწრაფვიან ცვლილებებისა და სიახლეებისკენ, რათა კონკურენტი კომპანიების ჩრდილში არ აღმოჩნდნენ.

როგორ უნდა მოიქცეს კომპანია, რომელიც პროგრესისკენ ისწრაფვის და ერთ ადგილზე გაჩერება არ უნდა? ნერგავს სიახლეებს, თუმცა შედეგს ვერ იღებს? - ასეთ დროს დღის წესრიგში დგება რებრენდინგის - ანუ კომპანიის არსებული ბრენდისა და იდეოლოგიის ახლით შეცვლის აუცილებლობა.

რებრენდინგის მთავარი ამოცანა ბრენდისადმი მომხმარებლის ურთიერთობის გაუმჯობესება, რეალურად უნიკალური ბრენდის შექმნა და ახალი მომხმარებლის შეძენაა.

მეორე მხრივ, რებრენდინგი არ არის მარტივი საქმე, ამისთვის წინაპირობა უნდა არსებობდეს. ეს აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც საჭიროა არსებული სეგმენტის ცვლილებები, როდესაც თქვენი, როგორც ბრენდის დაპირება აღარ მუშაობს, შეცვლილია მომხმარებლის მოთხოვნა და თქვენი პროდუქტი ან მომსახურება აღარ იყიდება.

„ეს არის ძირეული ცვლილებებით გამოწვეული ცვლილება. წარმატებასა და წარუმატებლობას განსაზღვრავს პირველ რიგში ის პარამეტრები, რისი მიღწევა გინდათ. მნიშვნელოვანია, კომპანია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მომავალ მომხმარებელს სიმართლეს ეუბნება და შეუსრულებს ახალ დანაპირებს“, - მიიჩნევს კომპანია AdBrand-ის დამფუძნებელი ანდრო მეტრეველი.

მისივე თქმით, რებრენდინგამდე კომპანიამ პირველ რიგში, უნდა შეისწავლოს იმ ადამიანების ქცევა, მოლოდინი, აღქმა, ვისთვისაც სურს, რომ მისი პროდუქტი იყოს გათვლილი.

„კომპანიამ უნდა დაუკმაყოფილოს მომხმარებელს ეს მოთხოვნები. რაც შეეხება რებრენდინგის გარე ატრიბუტებს - ლოგოს, სახელის ცვლილებას, მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მახასიათებლები, როგორიც გინდათ იყოს, ასევე გადაკოდირდეს. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, - აღნიშნა ანდრო მეტრეველმა.

მარკეტოლოგთა თქმით, რებრენდინგი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მართლაც აქვს ამის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ რებრენდინგი იმიჯის შეცვლის სპონტანური გადაწყვეტილება კი არა, გააზრებული ქმედება იყოს, რომელიც სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი იქნება.

წარმატებული რებრენდინგის ერთ-ერთ მაგალითად ამერიკაში დღემდე მოიაზრება McDonald’s, რომელსაც რებრენდინგის შედეგად არც სახელწოდება შეუცვლია და არც ლოგო. წლების წინ, როდესაც ამერიკაში რეჟისორ მორგან სპარლოკის დოკუმენტური ფილმი Super-Size Me („ასეთი დიდი მე“) გამოვიდა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ამერიკელების თვალში უმალ იქცა სიმსუქნესთან ასოცირებულ კომპანიად. ფილმის გამოსვლიდან მალე, „მაკდონალდსში“ მიხვდნენ, რომ ცვლილებების დრო დადგა და სახელის ან ლოგოს ნაცვლად, აქცენტი მენიუს ცვლილებაზე გააკეთეს. მენიუს რებრენდინგის შემდეგ "მაკდონალდსმა" მომხმარებელს ჯანსაღი საკვების სახით სხვადასხვა სალათები და ხილი შესთავაზა, რომელთა კალორიულობაც 400-ს არ აღემატება. იმავე წელს მაკდონალდსის მოგება სულ მცირე 5%-ით გაიზარდა. მარკეტოლოგთა თქმით, ეს არის შემთხვევა, როდესაც კომპანიამ საზოგადოებას პოზიტიური ცვლილებები შესთავაზა და დაარწმუნა ისინი, რომ უსმენს მათ.

რებრენდინგის კიდევ ერთ წარმატებულ შემთხვევად სახელდება MasterCardInternational-ში განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც 2006 წელს რებრენდინგის შედეგად ლოგო და სახელი შეიცვალა და MasterCardWolrdwide-ად იქცა. ერთი შეხედვით, ამერიკულმა კომპანიამ უმნიშვნელო ცვლილება განიცადა - თვალში საცემი არც ლოგოს და არც სახელწოდების შეცვლა იყო, თუმცა ამ „უმნიშვნელო“ ცვლილებამ MasterCardWolrdwide-ს საკმაო წარმატება მოუტანა.

თუმცა, ხშირად კომპანიები საქმიანობის აბსოლუტურად ახალ მოდელზე გადადიან და ძირეულად იცვლიან იერსახეს. საქართველოში ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი პალიტრა TV-ია, რომელმაც თითქის ორი თვეა სამაუწყებლო ფორმატი შეიცვალა და საზოგადოებას სრულიად ახალი საეთერო ბადე შესთავაზა. არხი ამჟამად PalitraNews-ის სახელით მაუწყებლობს და მაყურებელს 24 საათის განმავლობაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ სპორტულ სფეროში მიმდინარე პრცესებზე ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში უწყვეტად სთავაზობს.

ირინა კეიდია, „პალიტრა მედიის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „ზოგადად, ყველა კომპანია გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალისებს ლოგოს, სტილს, რადგან იცვლება დრო, სტანდარტები და გემოვნება. რებრენდინგის გადაწყვეტილებას კომპანიები სხვადასხვა მიზნის ან მიზეზის გამო იღებს. „პალიტრანიუსის“ შემთხვევაში რებრენდინგის საჭიროება დადგა, რადგან მოხდა არხის რეპოზიციონირება. არხი გადავიდა აბსოლუტურად ახალ ფორმატზე, 24-საათიან მაუწყებლობაზე. შეიცვალა არხის აქცენტები და მესიჯები. განახლებული სახელი, ლოგოტიპი და სლოგანი - „პალიტრანიუსი“ ახალი ამბების ტელევიზია“- ხაზს უსვამს ტელევიზიის ფორმატს და შინაარსს, ლოგოს დიზაინში დომინირებს წითელი ფერი, ეს არის სიჩქარის და ნიუსის ფერი, რაც ამართლებს არხის მიმართულებას".

ინგა დადიანი, PalitraNews-ის დირექტორი: „30 ნოემბრიდან ტელეკომპანია "პალიტრამ" არა მხოლოდ ფორმატი, ლოგო, სლოგანი და სახელიც შეიცვალა. ახალ არხს "პალიტრა ნიუსი" ვუწოდეთ. შეიცვალა მთლიანად ფორმატიც, რომლის ცვლილების შემდეგ 24 საათიანი საინფორმაციო ფორმატზე გადავედით, რომლის მსგავსიც საქართველოში დღეს არ არის. ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც საქართველოში ასეთი ტიპის მაუწყებლობა აქვს. დღის ნებისმერ მონაკვეთში მაყურებელი პირველი ჩვენგან გაიგებს სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ეს ტელევიზია არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია“.

მარი ჯავახიშვილი