მლეთა-გუდაურის გზაზე ზვავია ჩამოწოლილი

მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოწოლილი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე თავისუფალია.