აბასთუმანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება იგეგმება

საპარტნიორო ფონდი კომპანია "რედიქს ჯგუფთან" ერთად აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობს. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, პროექტის მიხედვით 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 ნომრიანი სასტუმრო კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნეს კლუბსა და სპას მოიცავს. როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს.

"შესაბამისად, აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა არსებობს და ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი გაზრდის რეგიონის ცნობადობას და ტურისტების რაოდენობას", - აცხადებს ჩერქეზიშვილი. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 26 მლნ აშშ დოლარია.

კომპანია "რედიქს ჯგუფი" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს. კომპანიის თავდაპირველი საქმიანობის სფერო უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას მოიცავდა. "რედიქს ჯგუფი" გახდა პირველი დეველოპერი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარს წარუდგინა ევროპული სტანდარტის პროდუქტი - საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართობები დასრულებული რემონტით.

2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია სიღნაღსა და ბათუმში (სასტუმრო "კაბადონი" და აპარტ-ოტელი "ლე პორტი"). ამჟამად ჯგუფის მიმდინარე პროექტების პორტფოლიო მოიცავს თბილისში სასტუმრო "ჰილტონის" მშენებლობას ჭავჭავაძის გამზირზე (გაიხსნება 2017 წელს) და A კლასის საოფისე უძრავი ქონების მშენებლობას ლეონიძის ქუჩაზე (გაიხსნება 2016 წლის ზაფხულში).