დავით ნარმანია - ჩვენ გვაქვს 5000 ტონა ტექნიკური მარილი, რაც სრულიად საკმარისია

თბილისი აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ დამატებითი თოვლის და ნალექის შემთხვევაში, ყველა ძირითადი მომსახურება გავწიოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, თბილისში გადაადგილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეფერხება არ არსებობს.

"პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ გზების მომსახურებას თოვლის და ყინვის პერიოდში. ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ორი დღეა აქტიურად მუშაობენ წყნეთის ტერიტორიაზე, შინდისისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე. მე პირადად, მონიტორინგს ვუწევ და ვიყავი კიდეც, როგორც გუშინ დილის საათებში, ასევე ღამის განმავლობაში დავათვალიერე მიმდინარე სამუშაოები. ამ წუთისთვისაც მუშაობენ ლილოს ტერიტორიაზე, სადაც ნამქერია და გზის ერთი მონაკვეთი იწმინდება. გვაქვს შესაბამისი რაოდენობის მარილი, 5000 ტონა, რომელიც ზამთრის განმავლობაშია საჭირო გზების მომსახურებისთვის. ყველა ტექნიკა, რაიონული გამგეობები მობილიზებულია იმისათვის, რომ დაეხმარონ შესაბამის სამსახურებს. ასე რომ, რაიმე სახის შეფერხებას არ ველოდებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.