მიხეილ სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების წინადადებით გამოდის

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების მხარდაჭერით გამოდის. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გუშინ, პოლიციამ ოდესაში კიდევ ერთხელ დახურა არალეგალური კაზინოები. უკრაინის სხვა არაერთ ადგილას კი, კაზინოებს მთავრობის წარმომადგენლები "მფარველობენ". ეს საკითხი ეხება იმას, თუ რამდენ შემოსავალს კარგავს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესის არალეგალიზებით", - წერს სააკაშვილი. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ, ფულს ამისთვის სხვა ქვეყნებში, მათ შორის მეზობელ ბელორუსსა და საქართველოში ხარჯავენ. ამიტომაც სააკაშვილის მოსაზრებით, საჭიროა უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება, საიდანაც შემოსული თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 2009 წელს მიიღო. თუმცა, მთავრობამ აღნიშნული ბიზნესის ლეგალიზებასთან დაკავშირებით 2015 წლის 11 დეკემბერს პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა.