თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ევროპა-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს პოლონეთში ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა მდივანი სიტყვით გამოვა სესიაზე - ხმელთაშუა, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობა: პერსპექტივები მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის.

მათივე განმარტებით, თენგიზ ფხალაძე საერთო ევროპული განვითარებისა და კეთილდღეობის საკითხში შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს როლზე ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს ერთიანი, მშვიდობიანი და წარმატებული ევროპის იდეის განხორციელებაზე.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიაში: "აღმოსავლეთ პარტნიორობა - წარმატება თუ წარუმატებლობა?"

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს განვითარება და კეთილდღეობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო მეტად ისარგებლებენ რეგიონთაშორისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სიკეთეებით.

"ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარებით საქართველო კიდევ მეტი კონტრიბუციის შემტანი ხდება როგორც ევროპული თანამშრომლობის, ასევე სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული და სუბრეგიონული პროექტების განვითარებაში.

თანამშრომლობის განვითარების უმთავრეს დაბრკოლებას არსებული კონფლიქტები წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, დნესტრისპირეთის კონფლიქტი ეს ყოველივე ხელს უშლის შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.

ამიტომაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას. რუსეთის კონფრონტაციულ პოლიტიკას ევროკავშირმა არა მხოლოდ სანქციებით უნდა უპასუხოს, არამედ იმ პოზიტიური ნაბიჯებითაც, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ უნდა გადაიდგას. ეს კი გულისხმობს როგორც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულებას, ასევე ინტეგრაციის ხარისხის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას და ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.