გზების დეპარტამენტი მოსახლეობას ზამთრის საბურავების გამოყენებისა და დაწესებული რეჟიმების დამორჩილებისკენ მოუწოდებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და კახეთში. როგორც ნუგზარ გასვიანმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე საყრდენი პუნქტი მუშაობს, სადაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები ადამიანური რესურსებით, ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით.

ნუგზარ გასვიანის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს კოორდინაციასა და მონიტორინგს ადგილზე უწევენ.

"ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით, კერძოდ, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილსა და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე", - განაცხადა გასვიანმა. მისივე თქმით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმები დაწესებულია: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილსა და თბილისის შემოსავლელ გზაზე (მხოლოდ მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის).