გივი კუბლაშვილი - არაჯეროვნად შესრულებული საგზაო სამუშაოებისთვის, მერიას კომპანიებისთვის არცერთი თეთრი არ გადაუხდია

არაჯეროვნად შესრულებულ საგზაო სამუშაოებზე კომპანიებისთვის მერიას არცერთი თეთრი არ აქვს გადახდილი , - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. გივი კუბლაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც უხარისხოდ შესრულებულ საგზაო სამუშაოებს ეხებოდა. კერძოდ, სააკაძის დაღმართზე, იუსტიციის სახლთან, გაგარინის, თევდორე მღვდლისა და სხვა ქუჩებზე დაგებულ ასფალტს. აღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად მათ სხდომაზე ფოტოები წარადგინეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ რამდენიმე კომპანიაც დაასახელა, კერძოდ "ენკო", "ძამა" "ხიდი", რომლებიც აბესაძის განცხადებით, გამოუცდელი და ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიებია. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, რატომ აფორმებს მერია ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებებს. თავის მხრივ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ოპოზიციის ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მერიას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა არ გადაუხდია. პირიქით, რამდენიმე კომპანია დაჯარიმდა კიდეც.

"არაჯეროვნად შესრულებული საგზაო სამუშაოებისთვის მერიას არცერთი თეთრი არ აქვს გადახდილი. პირიქით, არსებობს დაჯარიმებული კომპანიები და შესაბამისი ღონისძიებებია გატარებული. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ რაც დაიგო ქალაქში, ხარისხით არის შესრულებული და თუ არ იყო, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოიფხვრა", - განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე თქმით, სადაც ლაბორატორიული შემოწმებისას იქნება დასკვნა, რომ გზები არასწორად არის დაგებული, ყველგან ხელახლა გადაიგება, მაგრამ იმ არასწორად დაგებულ გზაში არცერთი თეთრი არ არის გადახდილი", - აღნიშნა კუბლაშვილმა.