ნუგზარ წიკლაური - შეფერხებული ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, კახა კალაძე გარდაბანში კონცერტებს ესწრება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, დიდთოვლობის გამო მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ ხალხს, მთავრობამ მხარდაჭერა და დახმარება დროულად აღმოუჩინოს. როგორც პარტიაში აცხადებენ, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი.

"კერძოდ, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სვანეთში, აჭარაში, ადგილობრივები ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან და სამწუხაროა, რომ დიდთოვლობას, ხელისუფლების სრული უმოქმედობა სდევს თან. რეგიონების შიდა გზები მთლიანად მიტოვებულია. მარტოხელა პენსიონერებს არ აქვთ შესაძლებლობა, სამედიცინო დახმარება მიიღონ, მთელ რიგ სოფლებში არაა ელექტროენერგია. ჩვენი ინფორმაციით, შეფერხებულია გაზის მიწოდებაც. ასეთ დროს, როცა ხალხს განსაკუთრებით სჭირდება ხელისუფლების თანადგომა, ჩვენი მინისტრები არაფერს აკეთებენ. პირიქით, ესწრებიან სხვადასხვა კონცერტებს. კერძოდ, ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, ნაცვლად იმისა, შეფერხებული ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენაზე მუშაობდეს, გარდაბანში გასართობ კონცერტებს ესწრება. იგივეს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრიც. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს მთავრობას, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა, გაწმინდოს გზები და მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.