საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ. Front ოფისი შეიქმნება

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ. Front ოფისი შეიქმნება. აღნიშნული გადაწყვეტილება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერის დავალების შესაბამისად, მოკლე ვადებზე გაწერილ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ინოვაციების სააგენტო მომავალ კვირას, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, აქცენტი მოკლევადიან, ქმედით ნაბიჯებზე გადაიტანონ და ყველა სამუშაო შეხვედრა თუ სამოქმედო გეგმის განხილვა კონკრეტულ, მოკლე ვადებზე გაწერილი სტრატეგიებით დასრულდეს.

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნესის განსავითარებლად, რაც საქართველოში ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების გამოშვებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. გლობალური კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, სხდომაზე პრეზენტაცია გამართა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორმა ჯორჯ კენეიმ. ამჟამად ჯორჯ კენეი არის სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე სტარტაპ კომპანიის EntraTympanic-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, სააგენტომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მოიწვია ექსპერტები, ვინც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პროექტების ანალიზი ჩაატარეს.

"აღმოჩნდა, რომ საქართველოს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით ინოვაციების კომერციალიზაციის კუთხით. 12 პროექტი იქნა იდენტიფიცირებული. შეიქმნება კომერციული სამოქმედო გეგმა ამ პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მათ შორის ლოკალურ ბაზარზე დასანერგად", - განაცხადა ქაშიბაძემ.