კინოწარმოებით დაინტერესებულ პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვით, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ. ახალ პროგრამას საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს. პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ "ქარვასლაში" დღეს გაიმართება და მას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

"პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით. პროგრამის ფარგლებში ინერგება ე.წ. cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამაში ჩასართავად საჭირო აპლიკაციის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.filmingeorgia.ge