ქართველ მეღვინეებს ჩინეთის ბაზარი ეიმედებათ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან გასულ წელს ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიმატა, 2014 წელთან შედარებით, ექსპორტი მაინც 39%-ით შემცირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი მატება წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 122%-ს მიაღწია. საბოლოოდ, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიკავა. ექსპორტის ზრდა აღინიშნა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე - ბალტიის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში, ისრაელსა და კორეაში. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი.

ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებას ექსპერტები მეტწილად ორ უმსხვილეს ქვეყანაში - რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის მკვეთრ კლებას უკავშირებენ, რომელიც უარყოფითად აისახა წლიურ მაჩვენებელზე.

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 51%-ით არის შემცირებული, ხოლო უკრაინაში - 56%-ით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებელი შემცირებულია მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ამ ქვეყანაში ქართული პროდუქციის ექსპორტმა პიკს მიაღწია.

რაც შეეხება ჩინეთს, ეს ქვეყანა ღვინის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, მაგრამ იქ ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია. როგორც ამბობენ, ჩინელებს ჯერ არა აქვთ ჩამოყალიბებული სიმპათია რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ, რაც ქართულ ღვინოს პერსპექტივას აძლევს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი და უკრაინა რჩება. ამას არც ქართული ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მალავენ.

მიხეილ ხუნდაძე, შპს "კორპორაცია ქართული ღვინის" გენერალური დირექტორი: "შემიძლია ღვინის ექსპორტის შემცირების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაგისახელოთ: ეკონომიკური პრობლემები, მეზობელი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია, 2013-2014 წელს ყურძენში გადახდილი მაღალი ფასი, რის გამოც კომპანიებს პროდუქციის ღირებულება გაუძვირდათ. როდესაც პროდუქციის ღირებულება იზრდება, მისი ფასიც მატულობს, შესაბამისად, ქართული ღვინოც გაძვირდა. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში, ჩვენი პროდუქციის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. მართალია, ექსპორტმა ჩინეთშიც მოიმატა, ევროკავშირის ქვეყნებშიც არის ზრდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მცირე ბაზრებია ჩვენთვის: ჩინეთში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, მოცულობით ბალტიის ქვეყნების ბაზრები გაცილებით მცირეა, ვიდრე ცალ-ცალკე აღებული  რუსეთი, უკრაინა, ან ყაზახეთი. ჩინეთი დიდი ქვეყანაა და ამ ბაზარმა შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთი და უკრაინა, მაგრამ ეს მომავლის საქმეა. ჯერჯერობით კი, ის ბაზრები, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა შეიმჩნევა, ვერ დაეწევიან რუსეთის, უკრაინის, ან თუნდაც, ყაზახეთის ბაზარს. ამ ეტაპზე ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენი ღვინის ექსპორტი განახევრებულია, ზოგან 60%-ით და უფრო მეტად არის შემცირებული. მაგალითად: 2015 წლის 9 თვის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 55%-იანი კლება აღინიშნა რუსეთში, 62% - უკრაინაში, ბელორუსში - 49%, ხოლო ყაზახეთში - 5%".

ზაზა დუგლაძე, "დუგლაძის ღვინის კომპანიის" დირექტორი:  "კრიზისი ყველასთვის კრიზისია, შეიძლება ჩვენი კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია არ განახევრებულა, მაგრამ აშკარად შემცირდა. ყველაზე მეტად რეალიზაცია რუსეთსა და უკრაინაში შეგვიმცირდა, ამიტომ, ვცდილობთ ეს დანაკლისი ახალი ბაზრების მოპოვებით შევავსოთ. 2016 წლიდან ახალ ბაზრებზე გავდივართ - იქნება ეს ევროპა, ჩინეთი, თუ აზიური ბაზრები. ამასთანავე, იმედს ვიტოვებთ, რომ მდგომარეობა რუსეთსა და უკრაინაშიც გაუმჯობესდება და ამ ქვეყნებში ჩვენს ძველ პოზიციებს აღვიდგენთ".

ზურაბ მარგველაშვილი,  კომპანია "თბილღვინოს" აღმასრულებელი დირექტორი: "გვინდა თუ არა, რუსეთი და უკრაინა ის ქვეყნებია, სადაც ქართული ღვინო ისტორიულად იყიდება და მაღალი ცნობადობით გამოირჩევა. იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსზე, აზერბაიჯანსა და ყაზახეთზე. სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში მოხდა ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია, რასაც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირება მოჰყვა და ვინაიდან ღვინო არ არის ყოველდღიური მოხმარების საგანი, მისმა რეალიზაციამაც იკლო. არადა, ეს არის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ გაიყიდოს. გაყიდვები ჩვენც შეგვიმცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ზრდა გვაქვს ევროკავშირის და ბალტიის ქვეყნებში, პირველად გავიტანეთ პროდუქცია იაპონიაში, მაგრამ როგორ შეიძლება ამ ახალმა ბაზრებმა რამდენიმე წელიწადში გადაწონოს ისეთი დიდი ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს წლების განმავლობაში იცნობდნენ და აფასებდნენ?!"

ხათუნა ჩიგოგიძე