ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

დიდთოვლობის გამო ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში გადაადგილება პარალიზებულია. თოვლის საფარი ქალაქის ფარგლებში 50-70 სანტიმეტრამდე აღწევს. როგორც სააგენტოს აჭარის განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბათუმში სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთი დღით შეწყდა, ხვალ კი ამინდის გამოსვლის შემთხვევაში სწავლა განახლდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთის და ხელვაჩაურის სკოლებსა და ბაღებში. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ხოლო 19 სკოლაში კი სწავლება მიმდინარეობს. ხულოსა და შუახევში კი მცირე ნალექია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.