საშინაო ფაქტორები, რომელმაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი

ლარის გაუფასურება ერთ დღეს გადადგმული მცდარი ნაბიჯის შედეგი არ არის. ეს შედეგი საშინაო ფაქტორების მთელმა წყებამ განაპირობა.

ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორმა გია ჯაფარიძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

გია ჯაფარიძემ ლარის გაუფასურების ხელშემწყობი ფაქტორები განიხილა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი, როგორც საგარეო, ასევე რეგიონული ფაქტორები არის. მისივე თქმით, 1994 წლიდან, რაც ლარი საქართველოს ეროვნული ვალუტაა, გლობალური მასშტაბითაც და რეგიონშიც არაერთი კრიზისი იყო. თუმცა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, მთავრობის გუნდი არასწორ ნაბიჯებს დგამდა.

”როდესაც აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა, პირველი, ვინც ამით იზარალა, ქართველი მიწათმფლობელი იყო. მის საკუთრებას ფასი დაუვარდა. თუ მყიდველი არ არის, თქვენს ქონებას ხომ ფასი არ აქვს? მე კონკრეტული ციფრები არ მაქვს, მაგრამ ამ კანონით ჩვენ დავკარგეთ ინვესტიციის გარკვეული რაოდენობა. აბსოლუტურად ქსენოფობიური იყო დაპირებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ხალხს ეუბნებოდნენ, ჩინელი ყიდულობს მიწას, ინდოელი ყიდულობს, ამერიკელი ყიდულობს, ქართული მიწა იყიდება. ეს ხომ პოპულისტურია, აბსოლუტურად ქსენოფობიური განცხადებებია. თუ ვინმე მიწას ყიდულობს, იმ მიწას მოთხრის და სახლში წაიღებს? ის მიწა ხომ ჩვენს ტერიტორიულ საზღვრებში რჩება, სადმე ხომ არ მიდის? ეს ჩვეულებრივი ინვესტიციაა. ნებისმიერი ბინა უცხოელის მიერ ნაყიდი, მიწის ნებისმიერი ფართობი უცხოელის მიერ ნაყიდი, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ნაწილი. ადამიანებს, რომლებიც ამაზე საუბრობდნენ, არ ჰქონდათ ელემენტარული საბაზისო ეკონომიკური განათლება”, - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო, ასევე, სავიზო რეგულაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ იქნა შემოღებული.

”ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების, ევროკავშირის მოქალაქეები, იძულებული გახდნენ საქართველოდან გასულიყვნენ თავიანთ სახელმწიფოებში ვიზის მისაღებად. უნდა გაევლოთ გარკვეული პროცედურები, გადაეხადათ სავიზო მომსახურების გადასახადი. ის 50 დოლარი, რომელსაც სავიზო მომსახურების გადასახადის სახით ვახდევინებთ ევროკავშირის თუ აშშ-ს მოქალაქეს, ჩვენ არ გაგვამდიდრებს, მაგრამ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ სახელმწიფოებთან მიმართებაში”, - განაცხადა „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორმა.

გია ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ არასწორია ირანთან საქართველოს ურთიერთობა. ”დღეს ირანის საერთაშორისო რეაბილიტაციის აღდგენა ხდება. ირანს მოუხსნეს სანქციები. ამ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად ირანი იყო ყოველთვის ძალიან დიდი მოთამაშე, სანამ რუსეთი გამოჩნდებოდა თავისი ძალიან აგრესიული ზრახვებით, ჩვენ ირანს დავუწესეთ სავიზო სანქციები, რომლებიც დღესაც არ მოგვიხსნია”,- აღნიშნა გია ჯაფარიძემ გადაცემა "საქმეში".