ზურაბ ტყემალაძე - რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ლარი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია

იმის პროგნოზირება, რომ ერთ თვეში ლარი იქნება სტაბილური და გამყარდება დოლართან მიმართებაში, არ შემიძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ლარის დევალვაცია გამოწვეულია როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებით.

"ლარის დევალვაცია, ბუნებრივია, პირველ რიგში, გამოწვეულია გარე ფაქტორებით. თქვენ იცით, რომ არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. კრიზისია სწორედ ის, რომ ნავთობის ფასი ასე ეცემა, თუმცა ეს ჩვენთვის ბევრად კარგია და სწორედ ამან დაიცვა ლარი ინფლაციისგან. დევალვაცია გამოწვეულია, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებით, თუმცა არსებობდა შიდა ფაქტორებიც, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. კერძოდ, გადმორიცხვები იყო შემცირებული, ინვესტიციების შეფერხება იყო და ა.შ. ამ ყველაფერმა, გასული წელს ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია", - განაცხადა ტყემალაძემ. მისივე თქმით, რეგიონის ყველა ქვეყანასთან შედარებით ეროვნული ვალუტის კურსის კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობა გვაქვს.

"ინვესტიციების შემოდინება საქართველოში გაზრდილია და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში ყოფილა 2014-2015 წლებში, გადააჭარბა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია და ისიც, რომ შემცირდა, თუმცა ბალანსი საკმაოდ უარყოფითია ექსპორტსა და იმპორტს შორის. ეროვნული ვალუტის კურსის კუთხით კარგი მაჩვენებელი გვაქვს ამ ფონზე. კარგი მაჩვენებელი გვაქვს ასევე ინფლაციის კუთხითაც, რადგან ინფლაცია სულ ცოტათი გადაცდა ზღვრულ მაჩვენებელს, ამაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და, ამ მხრივ, სამუშაოს მან ძალიან კარგად გაართვა თავი", - განმარტა დეპუტატმა. რაც შეეხება პროგნოზებს, დეპუტატის თქმით, ამაზე საუბარი არ შეუძლია.

"რომ გითხრათ, ერთ თვეში ეროვნული ვალუტა იქნება სტაბილური და გამყარდება დოლართან მიმართებაში, ამის პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ის პარამეტრები, რომლებიც ეროვნული ვალუტის სიმყარეს უნდა ემსახურებოდეს, არ დაირღვეს და პირიქით უკეთესი მაჩვენებელი იყოს", - აღნიშნა ტყემალაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე