ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიის აფხაზეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ოკუპირებულ აფხაზეთთან დააკავშირებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა სტავროპოლში გამართულ რეგიონალურ ფორუმზე განაცხადა. "ეს კარგი პროექტია, ფედერალური ხელისუფლება მის მხარდასაჭერად მზად არის", - განაცხადა პუტინმა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა "კავკასიის ერთა რუსული კონგრესის" თავმჯდომარემ სულთან ტოგონიძემ ფორუმზე პუტინს პროექტის დეტალები გააცნო. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის ოლქს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აეროპორტის მშენებლობაც, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ გზას სოხუმამდე გაიყვანენ. "ჩვენთან ჩამოვიდნენ პარტნიორები ჩინეთიდან ამ პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი", - აღნიშნა ტოგონიძემ.

პროექტის თანახმად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ჩინური კორპორაცია China Railway და რუსული კომპანია "რეგიონული პროექტები" ააშენებენ. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მხარეები გეგმავენ კონტრაქტის გაფორმებას ოჩამჩირეში საზღვაო პორტის მშენებლობის შესახებ.