"ენერგო-პრო ჯორჯია" - დასავლეთ საქართველოს რაიონული ცენტრების ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება

დასავლეთ საქართველოს რაიონული ცენტრების ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება, - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ. კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური აჭარისა და გურიის რეგიონებში კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

"მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო გადაადგილება საკმაოდ გართულებულია, აღნიშნულ რეგიონებში შესულია კომპანიის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში დაზიანების ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები, ძირითადად სოფლები, სადაც სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას იმ დრომდე, სანამ არ მოხდება უამინდობით მიყენებული ზიანის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.