ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში უნდა მოისმინოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში უნდა მოისმინოს. როგორც ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვა რაღაც მოვლენებზე უარყოფითად მოქმედებს.

"საქართველოში ძალიან ემოციური ხალხი ვართ და აჟიოტაჟს ვტეხთ ხოლმე ყველაფერზე და ხანდახან ეს აჟიოტაჟი უარყოფითად მოქმედებს რაღაც რაღაც მოვლენებზე. არაფერი აჟიოტაჟი არ არის ატეხილი ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში ჩვენს მიერ კომიტეტებში იქნა მოსმენილი და ის ფართო განხილვის საგანი იყო. ჩვენს კომიტეტში 7 საათი მიმდინარეობდა მოსმენა. როცა ამის შემდეგ ის პლენარულ სხდომაზე უნდა წარმდგარიყო მოხსენებით, იყო მთელი რიგი შეფერხებები, სუბიექტურიც და ობიექტურიც. მე მიმაჩნია და აუცილებელიც არის, რომ მოსმენილი იქნას. ეს არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში, ეს არის ეროვნული ბანკის საბჭოს ანგარიში და ის შეიძლება წარმოადგინოს პრეზიდენტმაც და არაპრეზიდენტმაც. აქედან გამომდინარე, მე პირადად მომხრე ვარ და მოხარული ვიქნები, რომ სანამ იგი დატოვებს პოსტს, მოვიდეს და მოხერხდეს მისი მოსმენა. ახლა საგაზაფხულო სესია იწყება, ბევრი საკითხია დაგროვილი, მათ შორის არის პრეზიდენტის მოსვლა და ბუნებრივია, ეს შეთანხმების საკითხია. პარლამენტის ბიურომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ტყემალაძემ.