აჭარის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის სკოლების ნაწილში სწავლის პროცესი შეწყვეტილია

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, დიდთოვლობის გამო სწავლის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტშია შეწყვეტილი. მისი თქმით, სწავლის პროცესი ამავე სკოლებში ხვალაც გადაიდება, დანარჩენ დღეებში კი მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას.

"დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის ფაქტობრივად ყველა სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილია. ქედაში ათ სკოლაში შეწყდა, ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში - 48 სკოლაში, მცხეთა-მთიანეთში კი - 15 სკოლაში. როგორც გვეუბნებიან, დღევანდელი და ხვალინდელი დღე არის ყველაზე უფრო კრიზისული და ჯერჯერობით ამ ორი დღის განმავლობაში გადაიდება სწავლის პროცესი, შემდგომში კი ვნახოთ, როგორი იქნება მეტეოროლოგიური პირობები და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიგაურმა.