ზვიად ძიძიგური – ლართან დაკავშირებული ვითარებიდან მყისიერი გამოსავალი არ არსებობს, მექანიკური ჩარევები კი უარეს შედეგს გამოიწვევს

რაც ჩვენს ირგვლივ რეგიონში ხდება, იმის გამოძახილია ლარის დღევანდელი კურსი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, შექმნილ ვითარებაში მყისიერი გამოსავალი არ არსებობს, ხოლო მექანიკური ჩარევები უარეს შედეგს გამოიწვევს.

"ლარის გაცვლითი კურსის საკითხი არ შეიძლება დავინახოთ მხოლოდ იმით, რაც საქართველოში ხდება. შეხედეთ, რა ხდება აზერბაიჯანში, რა ხდება თურქეთში, რა ხდება რუსეთში, სადაც 85 რუბლს გადასცდა რუბლის დოლართან მიმართება. ასევეა აზერბაიჯანულ მანათთან დაკავშირებით. რაც ჩვენს ირგვლივ რეგიონში ხდება, იმის გამოძახილია ლარის დღევანდელი კურსი. თუკი ლართან დაკავშირებით მექანიკურ ჩარევებს დავიწყებთ, შეიძლება იგივე დაგვემართოს, რაც აზერბაიჯანს დაემართა, როდესაც ერთ კვირაში მისი ეროვნული ბანკის გაუბედურება მოხდა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს და გამოსავალი ინვესტიციებისა და ექსპორტის გაზრდაში მდგომარეობს.

"აქედან მყისიერი გამოსავალი არ არსებობს. გამოსავალი მდგომარეობს მხოლოდ თანდათანობით, თანმიმდევრულ მუშაობაში - ერთბაშად გამოსავალი არ არსებობს. დედამიწის ზურგზე ვერც ერთი ფინანსისტი და ეკონომისტი ამ გამოსავალს ვერ გვანახებს", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.