"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, შპს "პოლიპრინტი" საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კომპანია "პოლიპრინტი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს. როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შპს "პოლიპრინტი" სტიკერებისა და ეტიკეტების ბეჭდვაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს პოლიგრაფიულ მომსახურეობას სთავაზობს.

კონკრეტულად კომპანიის საქმიანობა მოიცავს არაგოფრირებული ქაღალდის ან არაგოფრირებული მუყაოსგან ყუთების, კოლოფების და დასაკეცი კოლოფების წარმოებას. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალი დანადგარების შეძენესა და წარმადობის გაზრდას გეგმავს. უწყების ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულია 40 ადამიანი, დამატებით კიდევ 10 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ღირებულება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს. "აღსანიშნავია, რომ კომპანია ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ უმსხვილეს საწარმოებს და სამომავლოდ კონკურენტუნარიანობისა და ბაზარზე წილის ზრდას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს", - ნათქვამია განცხადებაში.