ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის დასტაბილურებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - განაცხადა ქადაგიძემ.