გიორგი ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის კიდევ გამკაცრებას არ გამორიცხავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც", - განაცხადა ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის დასტაბილურების უებარი რეცეპტი არ არის. "მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აქვს სხვა ბევრი უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების, კერძო სექტორში აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის შემცირება", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ამასთან, მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან.

"ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართოს ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია. ვიმედოვნებ, რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვა", - განაცხადა ქადაგიძემ.