CENN - საქართველოს მთავრობა სატყეო დარგის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას იწყებს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირებას იწყებს. როგორც კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) აცხადებენ, რეფორმა მონაწილეობრივი მეთოდით შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდება.

"ტყე საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 40%-ს მოიცავს. მისი მდგრადი მართვა და სატყეო სექტორის სტრატეგიული განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სატყეო სექტორის დაგეგმვა მოიცავს საკითხების შეთანხმებას ისეთ სექტორებთან, როგორებიცაა: ეკონომიკა, ფინანსების მართვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას", - აცხადებენ CENN-ში.

მათივე ინფორმაციით, სატყეო დარგისა და კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიის წინასწარი მონახაზის შემუშავების მიზნით, 27-29 იანვარს ეწყობა მაღალი დონის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიმღები პირებით წარმოდგენილი ძირითადი დაინტერესებული მხარეები ერთ სივრცეში და ერთ კონკრეტულ საკვანძო საკითხზე იმსჯელებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით, გამოყენებული იქნება გადაწყვეტილების მონაწილეობრივი მიღების თანამედროვე, ე.წ. ჯგუფის ინტეგრირების სისტემური მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამინისტრომ, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ჩამოაყალიბა ძირითადი საკვანძო კითხვა, რომელზეც სამი დღის განმავლობაში სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო, კერძო და ადგილობრივი ორგანიზაციების 30 წარმომადგენელი იმსჯელებს. განხილვის მთავარი თემაა: "რა არის საჭირო ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმატებით რეფორმირებისათვის სატყეო სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად".

ინიციატივა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პატრონაჟით, CENN-ისადა GIZ-ის ერთობლივი ორგანიზებით, ავსტრიის განვითარების თანამშომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.